კონსტანტინე (კოკა) ვეკუა : მოზაიკები

Just another WordPress.com weblog

წარმატება და ბედნიერება

leave a comment »

baudrillard-self1
ბედნიერების სურვილი, რომელიც მომხმარებლობას წითელ ხაზად გასდევს, ვერ დაკმაყოფილდება რაიმე კონკრეტული შენაძენით (ბოდრიარი)

ფრანგ ფილოსოფოსზე ლამის 100 წლით ადრე იგივე მოვლენის შესახებ უტუ მიქავამ მახვილგონივრულად აღნიშნა: “ნუ გამოეკიდები ბედნიერებას, თუ გინდა იყო ბედნიერი”.

აღიარების სურვილი სხვადასხვა ადამიანში განსხვავებული ხარისხით ვლინდება. ამ მხრივ, არავინაა გამონაკლისი. პრობლემას მაშინ ვაწყდებით, როდესაც ეს სურვილი ზომიერების ფარგლებს სცდება და აშკარად, თუ შეფარული სახით იჩენს თავს. მავანი შეიძლება გარეგნულად მშვიდი იყოს, მაგრამ მრავალი სუბიექტური, თუ ობიექტური მიზეზის, გარემოებისა და ვითარების გამო თვითაღიარების გამძაფრებული მისწრაფება გააჩნდეს, რასაც განსაკუთრებით პოსტმოდერნიზმის ხანის ადამიანებში აქვს ბედნიერების გაასმაგებული სურვილის ფორმა. ნივთების, თანამდებობების, მდგომარეობა-სტატუსების დაუფლება/მიღწევის ჟინი გაბედნიერების გარეგნულ ეფექტს იძლევა მხოლოდ, რადგან ნამდვილი ბედნიერება ასეთი ადამიანებისათვის მიუღწეველი ხდება მანამ, სანამ საკუთარი არასრულფასოვნების კომპლექსის ტყვეობაში იმყოფებიან. მსგავსი კაცუნების ტრაგედია ისაა, რომ წარმატება და ბედნიერება ერთმანეთში ერევათ. შესაბამისად, როცა უფრო თვალსა და ხელს შუა უქრებათ ცხოვრების უმთავრესი საზრისი, მით უფრო მცდარად ფიქრობენ, რომ მეტი წარმატების მიღწევით მოახდენენ უფრო ძვირფასი დანაკლისის ანაზღაურებას. ამიტომაა, რომ თანემედროვეობის ზედაპირულობით დაბრმავებულებს ყურადღების ღირსად თავისნაირები მიაჩნიათ.

საქართველო და ნოოსფერო

leave a comment »

digitalpuppet

 

 

მეორე თაობის საინფორმაციო იარაღის გამოყენების მთავარი ამოცანების ჩამონათვალი კიდევ უფრო ნათელს ხდის, თუ რამდენად უმნიშვნელოვანესი გამოსაცდელი საინფორმაციო ომის პოლიგონია საქართველო რუსეთის იმპერიისთვის.

❗️მეტოქის სულიერებისა და ზნეობრიობის წინააღმდეგ, კულტურული მემკვიდრეობისადმი უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად მიმართული გარემოს ჩამოყალიბება;
❗️საზოგადოებრივი ცნობიერებითა და ქვეყნის მოსახლეობის სოციალური ჯგუფების პოლიტიკური ორიენტაციით მანიპულირება პოლიტიკური დაძაბულობისა და ქაოსის შექმნის მიზნით;
❗️პარტიებს, გაერთიანებებსა და მოძრაობებს შორის პოლიტიკური დესტაბილიზაცია კონფლიქტების გასაჩაღებლად, უნდობლობის, ეჭვის შექმნა, პოლიტიკური ბრძოლის გამძაფრება, ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიებისა და ურთიერთგანადგურების მცდელობების პროვოცირება;
❗️სამთავრობო ორგანოების საინფორმაციო უზრუნველყოფისა და მართვის ხარისხის დაქვეითება, მართვაში მცდარი გადაწყვეტილებების მიღების ინსპირაცია;
❗️მოსახლეობის დეზინფორმირება სახელმწიფოებრივი ორგანოების მუშაობის შესახებ, მათი ავტორიტეტის შერყევა, მმართველობითი ორგანოების დისკრედიტაცია;
❗️სოციალური, პოლიტიკური, ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტების პროვოცირება;
❗️გაფიცვების, სამოქალაქო არეულობისა და ეკონომიკური ხასიათის პროტესტის სხვა ფორმების ხელშეწყობა;
❗️სამთავრობო ორგანოების მიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისათვის ხელის შეშლა;
❗️სახელმწიფოს საერთაშორისო ავტორიტეტის, მისი სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის შერყევა;
❗️სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესებისათვის ზიანის მიყენება პოლიტიკური, ეკონომიკური, თავდაცვითი და სხვა მიმართულებით.

მაშინ, როდესაც კაცობრიობა საინფორმაციო ერაში შედის, აღნიშნული განვითარებისაგან ქვეყნის მოწყვეტა და ერთ ადგილას გაყინვა ნაკლები დანახარჯებითა და საომარ ქმედებებზე უფრო შედეგიანი შეიძლება აღმოჩნდეს მეტოქის დასაპყრობად, თუ დასამარცხებლად.

ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ სამწუხაროა, საინფორმაციო ტექნოლოგიების დესტრუქციული მიზნებისათვის გამოყენება მაშინ, როდესაც მესამე ათასწლეულში, როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ დონეზე კოლექტიური ინტელექტუალური თანამშრომლობის საშუალებით მისი კაცობრიობის განვითარების სამსახურში ჩაყენება სრულიად რეალური და აუცილებელი მოთხოვნაა ადამის მოდგმის სიცოცხლის გასახანგრძივებლად. ის, რაც ამ კონსტრუქციულ მიზანს ეწინააღმდეგება, ეფუძნება დომინაციასა და ეგოცენტრულ ცნობიერებაზე აგებულ სტერილურ და ავადმყოფურ მენტალობას, რომლისგანაც ინდივიდები, საზოგადოებები, სახელმწიფოები და კაცობრიობა უნდა გავთავისუფლდეთ, თუ გვინდა, რომ ბოლოს და ბოლოს მივაღწიოთ მშვიდობიანი განვითარების ხარისხს. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ებრძვის ერთმანეთს წარსული და მომავალი ყოველ დღვანდელ დღეს, სადაც ბრმა და კვდომით სნეული ცნობიერება მერმისის შთანთქმას ცდილობს. და ეს მაშინ, როდესაც ერთჯერ და სამუდამოდაა ნამყოში ჩასატოვებელი ყოველივე ის, რაც გვართმევს ხვალინდელ დღეს

მე-20 საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს ჯემალ ქარჩხაძე, თავის რომანში “ზებულონი” წერდა ასეთი წინააღმდეგობების მოახლოებაზე, როდესაც იოველ ბატონიშვილის სიტყვებით ცოდნის ხანაში შესვლაზე მიგვანიშნებდა: “მალე ხმლისა და შუბის ომი დამთავრდება, ისახარ და გონების ომი დაიწყება, წიგნიერების ომი დაიწყება, სწავლისა და განათლების ომი”. კიდევ საუკუნით ადრე, ილია ჭავჭავაძე იყო ის, ვინც განათლებისა და ცოდნის ძალით უფრო მეტი წარმატების მიღწევის შესაძლებლობაზე ამახვილებდა ყურადღებას, ვიდრე მხოლოდ იარაღის მეშვეობით შეიძლება მივიღოთ.

უპირველეს ყოვლისა, კარგა ხანია, რაც ტვინის გასანძრევ ომში ვართ და ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად გამოვიღვიძებთ ჩვენი ერისა და მამულის ერთობლივი, ერთსულოვანი, ეფექტიანი, კეთილგონივრული, შემოქმედებითი თავდაცვისა და მშვიდობიანი განვითარების საქმეში.

პოლიტიკა და განათლება

leave a comment »

3067_2_Jean-Jacques Rousseau

“როდესაც მონები აჯანყდებიან ხოლმე, ისინი თავისუფალ საზოგადოებას კი არ ქმნიან, არამედ მხოლოდ პატრონებს იცვლიან”

ჟან-ჟაკ რუსო

ამიტომ, ეს რომ არ მოხდეს, პოლიტიკა და განათლება ერთმანეთს აუცილებლად მხარდამხარ უნდა მიჰყვებოდეს. გაუნათლებელი პოლიტიკა ისეთივე დამღუპველია, როგორც ჯანსაღი საჯარო სივრცის გარეშე დარჩენილი განათლება. რაც არ უნდა კრიტიკული პერიოდი იდგეს ქვეყანაში, ყველა პროგრესული პიროვნება თუ განათლებიდან პოლიტიკაში გადავიდა, საბოლოოდ ერთი უკიდურესობა შეგვრჩება ხელთ ისევე, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული განათლებული ადამიანის გარეშე დარჩენილი პოლიტიკის შემთხვევაში. შესაბამისად, გადანაწილება ეფექტიანი უნდა იყოს. ყველაფერი ეს იმასაც ნიშნავს, რომ გამოსწორებული პოლიტიკური სივრცის დროს არ უნდა დაგვავიწყდეს განათლება და მეტიც, ეს უკანასკნელი სახელმწიფოს სამ ყველაზე ძირითად პრიორიტეტს შორის უნდა იქნეს ჩაყენებული. ორივე სფერომ ერთმანეთს უნდა შეუწყოს ხელი, თუ გვინდა, რომ ეს სახელმწიფო შედგეს და განვითარდეს.

დასკვნა: 1. პოლიტიკურ სფეროში ცვლილება ერთი და ორი გვარ-სახელის მეორე გვარ-სახელით შეცვლას კი არ უნდა გულისხმობდეს (რა დროსაც ჟან-ჟაკ რუსოს ზემოთქმულ რეალობას მივიღებთ) და ამაზე კი არ უნდა იხარჯებოდეს მთელი ეროვნული ძალისხმევა, არამედ ზოგადად, სისტემური ცვლაა განსახორციელებელი, რაც საქართველოში ნეოკომუნისტური ნომენკლატურის მმართველობისა და მასთან დაკავშირებული ცნობიერების დასასრულს უნდა გულისხმობდეს. 2. განათლებამ ჰარმონიულად განვითარებული პიროვნებები უნდა მოუმზადოს ქვეყნის ყველა და მათ შორის, პოლიტიკურ განზომილებას. საპირისპირო შემთხვევაში, წინსვლაზე საუბარიც კი ზედმეტია, რადგან ამგვარად ვერანაირ წარმატებას ვერ შევინარჩუნებთ.

ანაკლიის მშვიდობის ზონა და ახალი აბრეშუმის გზა

leave a comment »

3

1992 წლიდან მოყოლებული „ახალი აბრეშუმის გზის“ რამდენიმე ვერსია შეიქმნა. პირველი მათ შორის ევროკავშირის პროექტი იყო. შემდგომში, 2011 წლის აშშ-ს ინიციატივას 2013 წლის იაპონიის, სამხრეთ კორეისა და ჩინეთის ვარიაციები მოჰყვა, რომელთა შორისაც თავისი მასშტაბურობით ყველაზე შთამბეჭდავი გამოდგა სი ძინ პინის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ შემოთავაზება. ვფიქრობთ, რომ აქტუალური და მნიშვნელოვანია ხუთივე პროექტის შედარებითი ანალიზი და ამ უკანასკნელის განხილვა მშვიდობის მეცნიერებების ჭრილში. ბოლო ხანებში მსოფლიოში სხვადასხვა მიმართულების ექსპერტებს შორის საკმაოდ გახშირდა „ახალი აბრეშუმის გზისა“ და მშვიდობის ერთმანეთთან დაკავშირების შესახებ საუბრები. ეს კი საინტერესო და ეფექტურ ხედვად გვესახება კონსტრუქციული მოდელის შესამუშავებლად, რაც თანამედროვე დაძაბულ საერთაშორისო ურთიერთობათა გასაუმჯობესებლად იქნება გამიზნული. „ახალი აბრეშუმის გზის“ კონტექსტში პატარა, მაგრამ გეოსტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი მდებარეობის მქონე საქართველო ევროპასა და აზიას შორის გადებულ ერთ-ერთ ალტერნატიულ და უსათუოდ, ყველაზე მოკლე მაკავშირებელ მიმართულებად მიიჩნევა. ამ „შუა დერეფნად“ წოდებული მარშრუტის კეთილგონიერი გამოყენება დამოკიდებულია გლობალური მასშტაბის იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის რეგიონის სარგებლიანობას საერთაშორისო ურთიერთობათა განვითარების უფრო მაღალ ეტაპზე გადაყვანის პროცესში. შემოქმედებითი მიდგომითა და კარგად გააზრებული ხედვით ანაკლიის ქალაქ-პორტისა და ეკონომიკური ზონის მშენებლობაც სავსებით შესაძლებელია ემსახუროს აღნიშნულ მიზანს. საამისოდ, „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტებში უნიკალურ და გამორჩეულ პარადიგმად გვესახება “ანაკლიის მშვიდობის ზონის” კონცეფცია, რაც არაა მხოლოდ მშვიდობაზე განზოგადებული საუბრების სიმრავლე, არამედ ესაა ღრმა, კონკრეტული და სისტემური ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული მიმართულებით განვითარებული მოდელის დანერგვა და სათანადო ქმედებების თანმიმდევრულად განხორციელება. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ახალ ანაკლიას ყველა პირობა შეიძლება ჰქონდეს იმისათვის, რომ იქცეს როგორც აქტიურ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ჰაბად, ასევე მშვიდობის ზონად, სადაც დასავლეთი და აღმოსავლეთი არა მხოლოდ შეხვდება ერთმანეთს, არამედ დიალოგის რეჟიმში მოახდენს ტროადან მოყოლებული აზიასა და ევროპას შორის მიმდინარე ისტორიული კონფლიქტის პარადიგმის მშვიდობიან ტრანსფორმაციას.

Anaklia Peace Zone and New Silk Road

Since 1992, several versions of the “New Silk Road” have been elaborated, the first of which was the European Union project. The 2011 initiative of the United States in 2013 was followed by its Japan, South Korean and Chinese variations, among which the most impressive with its extension was Xi Jinping’s proposal, “One Belt, One Road”. We believe that the comparative analysis of all five projects and their exploration from the perspective of peace studies is timely and important. Recently, there has been a proliferation of discussions about the connection of the “New Silk Road” and peace among experts in different fields around the world. This is an interesting and effective vision to rework a constructive model, which will be targeted to improve current international relations. In the context of the “New Silk Road”, the small, but a country with an extremely important geostrategic situation, Georgia is considered as an alternative and certainly, the shortest bridge, connecting Europe and Asia. The reasonable use of this “middle corridor” route depends on the implementation of those global infrastructure projects, which will increase the usefulness of the Caucasian region to take the development of international relations to a higher level. With the creative approach and well-thought-out vision, the construction of the Anaklia city-port and the economic zone is more than possible to serve that purpose. For this reason, we see the concept of the “Anaklia Peace Zone” as a unique and distinct paradigm in the projects of the “New Silk Road”, which is not only the multiplicity of generalized conversations about peace, but the deep, concrete and systematic vision of how to implement the model developed in this direction and gradually carry out the corresponding activities. Furthermore, it should be stressed that the new Anaklia can have all the conditions to become, on the one hand, an economic and logistical hub and on the other, the zone of peace, where the West and the East not only meet each other but through dialogue will be able to transform peacefully the conflictive paradigm, which began and continues between Europe and Asia since the time of Troy.

Zona di pace Anaklia e la Nuova via della seta.

A partire dal 1992 sono stati creati diverse versioni della “Nuova via di seta”, prima di cui è stato il progetto dell’Unione Europea. All’iniziativa del 2011 degli Stati Uniti nel 2013 seguirono le variazioni del Giappone, Corea del Sud e quella della Cina, tra le quali la più impressionante con la sua estensione risultò il programma di Xi Jinping, “Una cintura, una via”. Riteniamo, che sia attuale e importante l’analisi comparativa di tutti i cinque progetti e l’esplorazione di quest’ultimo nella prospettiva delle scienze di pace. Ultimamente, si sono moltiplicati i discorsi riguardo alla connessione della “Nuova via di seta” e la pace tra gli esperti di diversi ambiti in tutto il mondo. Ciò è una visione interessante ed efficace per rielaborare un modello costruttivo, quale sarà mirato per migliorare gli attuali relazioni internazionali. Nel contesto della “Nuova via di seta”, il piccolo, ma un paese con la situazione geostrategica estremamente importante, Georgia è considerata come un ponte alternativo e sicuramente, il più corto, che connette l’Europa e Asia. L’uso ragionevole di questo “corridoio intermedio” dipende dall’attuazione di quei progetti infrastrutturali globali, che aumenteranno l’utilità della regione caucasica per portare lo sviluppo delle relazioni internazionali ad un livello superiore. Con l’approccio creativo e la visione ben ponderata, la costruzione del porto-città Anaklia e della zona economica è più che possibile che serva a tale scopo. Per questo obiettivo il concetto della “Zona di pace di Anaklia” lo vediamo come un paradigma unico e distinto nei progetti della “Nuova via di seta”, il quale non è soltanto la moltiplicità delle conversazioni generalizzati riguardo alla pace, ma la visione profonda, concreta e sistematica di come implementare il modello elaborato in questa direzione e gradualmente svolgere le corrispettive attività. Inoltre, va sottolineato, che la nuova Anaklia può avere tutte le condizioni per diventare da una parte un hub economico e logistico e dall’altra parte, la Zona di Pace, dove l’Occidente e Oriente non solo si incontrano, ma nel dialogo riusciranno a trasformare pacificamente il paradigma conflittuale, che è iniziata e si continua tra l’Europa e Asia a partire dall’epoca di Troia.

დემოკრატიზაცია და განვითარება

leave a comment »

თვითმყრობელური ცარისტული რუსეთის იმპერიის მიერ ანექსირებული საქართველოს პირობებში, როდესაც ქვეყანას და ერს არ გააჩნდა დამოუკიდებლობა, ზედმეტი იყო საუბარი იმაზე, რომ პრიორიტეტი ინსტიტუციონალურ და პოლიტიკურ დემოკრატიზაციას მინიჭებოდა. ამიტომ, ავტონომიური პოლიტიკური კონიუნქტურის შემზადებამდე გარშემოვლის პოლიტიკა იქნა არჩეული: დასავლეთთან მიახლოება ეკონომიკის, კულტურისა და ტექნიკური განვითარების საფუძველზე. თანამედროვე ისტორიამ აჩვენა, რომ თერგდალეულების აღნიშნული სტრატეგია მართებული და უალტერნატივო იყო, თუმცა, ამავე დროს, ისიც აჩვენა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ძალა აღმართს ხნავს.

რა გაკვეთილის გამოტანა შეუძლია აქედან დამოუკიდებელ საქართველოს? მაშინ, როდესაც ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, სუვერენულ სახელმწიფოს წარმოადგენ და გაცილებით მეტი წინაპირობა გაგაჩნია იმპერიაში კოლონიზირებული მდგომარეობისაგან განსხვავებით, ინსტიტუციონალური თვალსაზრისით, ქვეყნის რეალური განვითარებისათის უმთავრესი პრიორიტეტი დემოკრატიზაციის პროცესს უნდა მიენიჭოს, რასაც თან უნდა ახლდეს განათლებაში, ინფრასტრუქტურულ და ტექნოლოგიურ სფეროში მსოფლიოს საუკეთესო მიღწევათა დანერგვა-განხორციელება. სხვაგვარად, ხალხის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციის გარეშე, მუდამ ჩაკეტილ წრეში ვიტრიალებთ, ნებისმიერი ღონისძიება მარცხისათვის იქნება განწირული და ფასადურ სახეს შეიძენს. ამგვარად, ქვეყნის პატრონი თავად ხალხი იქნება და არა ერთი მუჭა ავანტიურისტები.

ჩვენნაირი პატარა ქვეყნისათვის გასათვალისწინებელია ისიც, რომ ერთმანეთის მხარდამხარ მიმდინარე ამ პროცესს (დემოკრატიზაცია და განვითარება) სჭირდება დაცვა სახელმწიფოს შიგნით და გარეთ, რათა უხეშმა ბარბაროსულმა ძალამ ვერ შეძლოს უკვე დაწყებული აღმასვლის მერამდენედ განადგურება. ამისათვის კი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ჰაერივით აუცილებელია.

აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქართული ქორწილი

leave a comment »

West and East text arrows on asphalt ground, feet and shoes on f

კავკასიის გულში, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მრავალსაუკუნოვანი კონფლიქტის შედეგი რუსეთის ორსაუკუნოვანი დომინაციის მეშვეობით ქართული ცნობიერების ზაპადნიკობისა და სლავიანოფილობის დიქოტომიის ბაცილებით დასნეულება იყო. ეს უკანასკნელი დღემდე ისეთ წყევლად მოგვდევს, რომელიც დესტრუქციულ და ფუჭ მიმართულებას აძლევს ქართველი ერის ენერგიას. ამგვარი გაორება უცხოა ჩვენი ისტორიული განვითარების გენერალური ხაზისთვის, რომლის უმთავრესი მახასიათებელი ამ ორ ოიკუმენეში ჩაძირვა, ჩაკარგვა და გაქრობა კი არ იყო, არამედ თავისი არაერთხელ დანაკუწებული ცნობიერი სხეულის ფენიქსებური განახლება-გაერთიანებისკენ მისწრაფებით დასავლეთისა და აღმოსავლეთის საკუთარ წიაღში მორიგება, მათ საუკეთესო მიღწევათა მიღება და ორიგინალური გარდასახვა.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ქართული ქორწილი კაცობრიობის დამანგრეველი კონფლიქტის და ჯვაროსნული გამოხტომების ზეობა კი არა, მშვიდობის გამარჯვებაა. გენიალური რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” ქართველი ერის უდიდესი აქტივი და სახელმძღვანელოა ამ მხრივ.

გეორგიანული სერფინგი

leave a comment »

“ქართველების ხასიათში ერთი საინტერესო ელემენტი აღინიშნება – ინდივიდუალური უპასუხისმგებლობა, რომელიც ესპანელებისა და ირლანდიელების ეროვნულ ხასიათს მოგვაგონებს და რასაც შეიძლება ესთეტიკური უპასუხისმგებლობა ეწოდოს. ქართველებს, ესპანელებისა და ირლანდიელების მსგავსად, არაერთხელ მოუხდათ უცხო ხალხთა პოლიტიკური ბატონობისა და კულტურული ჰეგემონიის ქვეშ ცხოვრება. ისინი ურიგდებოდნენ ასეთ ბატონობას, მაგრამ სერიოზულად არ უყურებდნენ მას და მისი დამთავრების შემდეგ ისევ ადრინდელ ხასიათს ინარჩუნებდნენ. სწორი არ იქნებოდა გვეთქვა, რომ ისინი არ ეწინააღმდეგებოდნენ ამგვარ ბატონობას, ხშირად გააფთრებულ წინააღმდეგობასაც უწევდნენ, მაგრამ ეს იყო ცოცხალი ორგანიზმის წინააღმდეგობა და არა რაიმე იდეისათვის ბრძოლა. საქართველოს ისტორია, მსგავსად ესპანეთის და ირლანდიისა, გვიჩვენებს, რომ აქ ერი მიაჩნდათ უმაღლეს სიწმინდედ და არა ესა თუ ის პრინციპი. და თუ რომელიმე ამათგანი რელიგიურ ომში იყო ჩაბმული, აღმოვაჩენთ, რომ სარწმუნოებისათვის ბრძოლის მიზეზს ეროვნული ინტერესი წარმოადგენდა.

ქართველების ამ “ესთეტიკურ უპასუხისმგებლობაში” მდგომარეობს მათი ეროვნული ხიბლიც და მათი, როგორც მკაცრად ინდივიდუალისტური ერის, გადარჩენის საიდუმლოებაც. ქართველებში, როგორც ხალხში, ისე პიროვნებებში, კარგად განვითარებული ინტელექტი და ნათელი, ცნობისმოყვარე გონება უთავსდება პირველყოფილი ადამიანის უზნეობას და მოუთოკაობას”.

უილიამ ალენი

“ქართველს აკლია დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ, რომელსაც ვერავითარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს; მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა… პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა… ქართველ ხალხს ეს თვისება არ აქვს. მისი გული და მისი ნება ჰარმონიულად ფეთქს. გული აინთება – ნებაც მოქმედებს, მაგრამ გული მალე ცივდება და ნების მაჯისცემა უმალვე წყდება. იშვიათია ჩვენში ისეთი ადამიანი, რომელიც ენერგიის გამძლეობის მხრივ საგრძნობლად არ კოჭლობდეს. პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ და უამისოდ კი ჩვენი ნება არ იძვრის; დიდი საქმეები კი გვაფეთქებენ, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევდეს, და გულთან ერთად ნებაც დუნდება და დაწყებული საქმე ანაზდად წყდება… ამიტომ არის, რომ ჩვენი არსებობის ნიადაგს ჩვენვე ვანიავებთ და ბედნიერ მეტოქესთან ბრძოლაში მუდამ ვმარცხდებით.

საკუთარ საქმეს კი გამბედაობა და ინიციატივა ეჭირვება და ჩვენს ხალხს ეს აკლია; უამისობაა, რომ ჩვენ სხვის საწველ ფურად გვაქცევს და საკუთარ დოვლათს სხვების საკეთილდღეოდ გვადებინებს. აქტიური ხასიათი, ძლიერი ნება – აი, რა აკლია ქართველობას და ჩვენი აღზრდის სისტემაც მარტო აქეთ უნდა იყოს მიმართული. ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი მიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ, და თუ რამ გვჭირია, ყოვლის უწინარეს, აქტიური ხასიათია ჩვენთვის საჭირო”.

დიმიტრი უზნაძე

ვერ დავეთანხმები აღნიშნულ თქმებს ქართველების ინდივიდუალურ სივრცესთან მიმართებით, რადგან საკმაო მაგალითი მოიპოვება ამ ქვეყანაში, სადაც მინიმუმიდან მაქსიმუმს აღწევს ქართველი – ოღონდაც, უფრო თავისთვის და საკუთარი ოჯახისთვის. თუმცა, უკვე მოყვანილი დახასიათებები უფრო საჯარო სივრცეშია მართებული და ამასაც თავისი მიზეზი აქვს. დიდი ხანია, ჩვენი სახელმწიფოს პატრონნი არ ვყოფილვართ ბოლო 8 საუკუნოვანი საკმაოდ ობიექტური და თავზევითაღმატებული ძლიერი მიზეზების გამო. მთელი ამ ხნის განმავლობაში, სრულიად გასაგები მიზეზების გამო, ჩვენ, როგორც ერი, უმთავრესი საფუძვლების გადარჩენით ვიყავით დაკავებული, რადგან უფრო მეტის საშუალება იშვიათად თუ გვეძლეოდა, რაც შეძლებისდაგვარად გამოგვიყენებია კიდეც. ამიტომ, საჭიროა, უფრო მეტი შემართება გამოვიჩინოთ არა მარტო ინდივიდუალურ სივრცეში, არამედ საჯარო განზომილებაშიც. ისტორიული ქარიშხლების გამო ქართველი კაცი იმდენადაა გაზარმაცებული, გაუთავისებელი და გაუცხოებული საჯარო ასპარეზზე, რომ თავისით ამ ქვეყნის აშენება არ გამოვა, თუ არა ისევ ჩვენივე ძალისხმევის გაათმაგებით და გაასმაგებით. ხოლო იმისათვის, რომ ეს უფრო ეფექტურად მოხდეს, საჭიროა ერთად ქართული საქმის კეთება. გინდაც, მულტიდისციპლინარული ხასიათით. კოლექტიური ინტელექტის პრინციპი საკმაოდ მოგვეხმარება და თუ ადრე, ძალის პრიმატზე დამყარებულ ეპოქებში, ჩვენი მცირერიცხოვნობა ნაკლი იყო, თანამედროვეობაში მეტი წინაპირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ჩვენი სიმცირე უპირატესობადაც კი ვაქციოთ. მოკლედ, დასავლეთ ევროპელებისაგან განსხვავებით, რომლებიც რაციონალური ინდივიდუალისტები არიან (რაციო, როგორც ზნეობრიობისა და პასუხისმგებლობის მშობელი), ჩვენ ემოციური ინდივიდუალისტები ვართ, რაც ბუნებრივი და ლოგიკურია, რადგან უფრო ახლოს ვიმყოფებით აღმოსავლეთთან. სათანადო ძალისხმევის გამოჩენისა და ზომიერი გონიერების (კეთილგონიერების) მომრავლების შემთხვევაში, ემოციურობისა და ინდივიდუალიზმის ნაზავი, რაიც დასავლისა და აღმოსავლის საუკეთესო მიღწევათა ქორწილის შედეგია, ნაკლად კი არა, სწორედ რომ ღირსებად შეგიძლია გარდავქმნათ. ეს კი ევროპიდან და აზიიდან მომავალ ტალღების ქვეშ მოყოლას კი არ ნიშნავს, არამედ ამ ტალღებზე “გეორგიანული სერფინგის” შესწავლასა და გათავისებას.

ისევ და ისევ

leave a comment »

ერთ-ერთ ხანდაზმულ ამერიკელ ეკონომისტს, რომელიც თავის დროზე დამკვირვებლად მუშაობდა პერ კაპიტა ევროპის ერთ-ერთ უმდიდრეს რეგიონში, იტალიის ემილია-რომანიაში ეკონომიკური ბუმის დროს, ბოლოს საქართველოში მოუწია გადმობარგება, რადგან აქ დანათესავდა ოჯახით. ეს კაცი ამბობდა, მოვიარე საქართველოს რეგიონებიო და სამეგრელოზე უფრო მშრომელი და მინიმუმიდან მაქსიმუმის მიმღები ხალხი არ მინახავსო ქვეყანაშიო. იტალიის ქალაქების, კარპისა და სასუოლოს მოსახლეობას მიამსგავსა, ვინც მაგ რეგიონში განმეორებით გამოიწვია ეკონომიკური აღმავლობა. ასევე, ცნობილია ქიზიყელების ყაირათიანობა და შრომაც. თავის დროზე თედო სახოკია წერდა გურულების შრომისმოყვარეობაზე როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ხელოსნობის მხრივ. ანუ თუ არ ჩავთვლით კოლექტივიზაციისაგან სუბიექტური და ობიეტური მიზეზებით შრომისკულტურადაქვეითებულ ქართველობას, ზოგადად ქართველი კაცი მშრომელი და შემოქმედებითი რომ არ ყოფილიყო, ვერც აქამდე მოვაღწევდით, ვერც ათასწლეულების განმავლობაში მილიონჯერ დანგრეულს აღვადგენდით და ვერც ბევრ ისეთ რამეს შევქმნიდით, რომელიც ჩვენ კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. რაც ენეოლითიდან მოყოლებული საქართველოს ასაშენებლად შრომა დახარჯულა, ბარე 5 გერმანიას ააშენებდა. ბევრი ერი არათუ ცუდად იარსებებდა, არამედ საერთოდ გადაშენდებოდა ამდენი ქარტეხილის გადამკიდე. ანუ შრომისა და სიცოცხლის უნარს ქართველობას ტრადიულად ვერ დავაშორებთ.

სხვა საკითხია, რა ხდება დღეს და რა არის ამის გამომწვევი მიზეზები. ერთ-ერთია რუსობის მემკვიდრეობა, სადაც ანთროპოლოგიურადაცაა გამოკვლეული, თუ რამდენად გადაასხვაფერა რუსობის 200 წლიანმა ბატონობამ ქართველი და მისი ეროვნული ხასიათი. თანამედროვეობაში კი ამას ემატება ნეოკომუნისტური ნომენკლატურის რევანში, რომელმაც 1991-1993 წლების სამხედრო-კრიმინალური გადატრიალება მოახდინა და რომელიც სხვადასხვა ფორმებში, მაგრამ დღემდე უწყვეტად გრძელდება. მოხდა ქვეყნის ქონების დატაცება და უკანონოდ მისაკუთრება, საიდანაც დღეს ნამცეცებს ამადლიან ქართველებს. პუტჩი არაა მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური მოვლენა, რადგან ამ შემთხვევაში, იგი მენტალურ პროცესადაც იქცა, რაც 1972-2003 წლებში ფაქტიურად, შევარდნაძის ეპოქის მეორე ეტაპია (პირველი იყო ქართველი ერის მასიური კორუფციის ჭაობში სრულიად მიზანმიმართული ჩაფლობა, რის შედეგებსაც დღემდე ვიმკით). შესაბამისად, ქართველობა დაბლაგვდა და დამახინჯდა ამ მენტალურ პროცესებში, დღემდე ძილ-ღვიძილის მდგომარეობაში იმყოფება და მოკლებულია საზოგადოების ინტერესებში ზემოდან სასიცოცხლო მხარდაჭერას. ამგვარად, მრავალი სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო ატროფირებული აქვს აქტიური ინიციატივის უნარი და თავისი გასაკეთებლის განხორციელებას საკუთარი თავის გარდა ყველა მხრიდან მოელოდება, რაც მწარე იმედგაცრუებისათვის და კატასტროფისაკენ განწირულ ცრუ მოლოდინს აღძრავს.

რა გამოსავალი რჩება ასეთ შემთვევაში, როდესაც ერს პოლიტიკურ და საჯარო სივრცეში არ ჰყავს საკუთარი ინტერესების გამომხატველი, დამცველი და გამტარებელი ძალა? დღემდე თითქოს სხვადასხვა პარტიები მართავენ საქართველოს, მაგრამ ყველა ძირითადი მათგანი იგივე მოქალაქეთა კავშირის ჩამომავალია.

საზოგადოებამ უნდა ისწავლოს თვითორგანიზება და საკუთარი თავის კოორდინაცია, რაც თანამშრომლობის, შემოქმედებითობის, კომპეტენციურობისა და ჯანსაღი ხედვის გარეშე შეუძლებელია. კოლექტიური ინტელექტის პრინციპია: არავინ იცის ყველაფერი, მაგრამ ყველამ იცის რაღაც. და ყველამ რომ ეს “რაღაც” საერთო საქმის მაგიდაზე დადოს და აამოქმედოს, ეს გარდამტეხ კლიმატს შექმნის.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ისევ და ისევ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ უცხოეთში და საქართველოში დახარჯული ამდენი თანხა ფაქტიურად კვლავ ერთი და იგივე ნაწილის მიერ იხარჯება, რაც მთელი საზოგადოების მაქსიმუმ 20 პროცენტია. დანარჩენის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კი 1991-1993 სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების შემდეგ განუხრელად უარესდება. ანუ მაგ დახარჯული თანხის უმრავლესობას საზოგადოების მცირე ნაწილი ხარჯავს. ამად, სახნავ-სათესი თანხები კი არა, არცთუ იშვიათად ხალხს საარსებო მინიმუმი არ გააჩნია. ყველაფერს მხოლოდ მთავრობას ვერ დააბრალებს ადამიანი, მაგრამ როდესაც ქვეყანას არ ჰყავს პატრონი, ხალხი ცოდვაა. ჩვენ არ გვქონია იმის ფუფუნება, რომ 50-100 წლის განმავლობაში დასავლურად განვითარებული ქვეყანა გადმოგვცემოდა. ვინც იყო კადრები, იმასაც უცხოეთში ექნა წასასვლელი ხელოვნურად შექმნილი გაუსაძლისი და სადამსჯელო პირობების გამო. შედეგი? ვაკუუმი. ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტის ზრდა ყოველთვის არ ნიშნავს საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, რაც სულიერ და ზნეობრივ აღმშენებლობასთან ერთად არის კიდეც ქვეყნის წინსვლის ნამდვილი ნიშანი.

ბოლო 5 და განსაკუთრებით 2 საუკუნის განმავლობაში ბევრ დაგროვებულ კრიტიკულ ხინჯს ვხედავ ქართველებში და ამის დანახვის გარეშე შეუძლებელია მწარე რეალობისათვის თვალის გასწორება, მაგრამ ზედმეტი თვითგვემა და ყველაფრის ქართველი ერისათვის გადაბრალება-შეხოცვაც ქვეყნის შინაური და გარეული მტრების წისქვილზე ასხამს წყალს (ეს მათი მეთოდია, რომ საკუთარი დანაშაულებრივი საქმიანობა მიჩქმალონ და სხვას გადააბრალონ) ისე, რომ ქართველ ერს ამით ვერაფერ სარგებელს ვერ მოვუტანთ.

სვავოკრატია

leave a comment »

depositphotos_19700563-stock-photo-vulture-eating

ნომენკლატურული სვავი ქართველი ერითა და ქართველით თუ არ იკვება, რაა მამული? სხვანაირად ვერ დაიკმაყოფილებს საკუთარ პატივმოყვარეობასა და ძალაუფლების წყურვილს.

სვავოკრატია კლავს ერსა და ადამიანს.
სვავოკრატია ათასნაირი ფორმით იკვებება და მანიპულირებს მოკლულთა ლეშით.
სვავოკრატია უსამართლობასა და ძალადობაზე დგას მანამ, სანამ ძალუძს და ეყოფა რესურსი. თუმცა, მრავალრიცხოვანი წარმატებების შემთხვევაშიც მაინც საბოლოო დამარცხებისთვისაა განწირული.
სვავოკრატიას რევოლუციით ვერ დაამარცხებ, რადგან ამით ერთი ძალადობა მეორე ძალადობით შეიცვლება.
სამართლიანი ძალა და ძალადობა ერთი და იგივე არ არის.
ძალა ხალხშია.
ხალხის ძალა კი სინათლეა, რომელიც ერმა საკუთარ თავში უნდა გაათავისუფლოს და ირგვლივ მიმოანათოს.
ერის ძალა, უპირველეს ყოვლისა, არ არის ბრძოლა ვინმეს და რამის წინააღმდეგ (ეს სატანურ პრინციპებზე დამყარებული საზოგადოების ღირებულებები და ჩაკეტილი წრეა), არამედ სინათლისა და სიცოცხლის პრინციპების დასაცავად მოქმედი სიყვარული და სიმართლეა (ეს სატანური ჩაკეტილი წრის გარღვევაა და უპირველეს ყოვლისა, იგი შინაგანი აქტია).

მოქალაქეთა კავშირი კლავს

leave a comment »

1200px-Union_of_Citizens_of_Georgia.svg

კოლექტიური სარალიძე საქართველოა.

სამაგიეროდ, საქართველო არაა არც ნაციონალისტური მოძრაობა და არც ქართული ოცნება, რადგან ორივე მოქალაქეთა კავშირის, ერთი მედლის ორი მხარეა. ასევე, და განსაკუთრებით არაა და არც იქნება საქართველო ის მთავრობა, რომლის მორიგი გადატვირთვისა და განახლებული სახით მოყვანის ინსცენირება ერთი და იგივე სისტემის წიაღიდან მიმდინარეობს უკვე კარგა ხანია.

moqalaqeta kavshiri_02

მართალია: საკუთარი ძალაუფლების სტაბილურობამდე მიყვანიდან საკუთარი ეკონომიკური კეთილდღეობისაკენ. აბა, ხალხი “სუნიან ბრბოდ” მიაჩნიათ და საკუთარი თავი სამყაროს ცენტრად.

სარალიძე ამ ნეობოლშევიკური, ნეოკომუნისტური, ნომენკლატურული გაერთიანების მიერ გაჭყლეტილი ისეთივე მსხვერპლია, როგორიც ათწლეულების განმავლობაშია არაერთი მისნაირი მშობელი, და, ძმა, თუ შვილი; და ზოგადად, მთელი საქართველოა ამ დღეში განსაკუთრებით, 1991-1993 წლების სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების შემდგომ. იცვლებიან სახელები და გვარები (პრინციპში, ისიც, იშვიათად), მაგრამ ანტიეროვნული სისტემა იგივე რჩება.

უსამართლობით ორჯერ შვილმოკლული მამა არა მხოლოდ ტრაგიკული შემთხვევა, არამედ უფრო ღრმა, სისტემური და კომპლექსური უკეთურების შედეგია.

ასე რომ, “ნუ მომკლავ” კი არა, არამედ
1. მოქალაქეთა კავშირი კლავს
2. ნეობოლშევიზმი კლავს
3. ნეოკომუნიზმი კლავს
4. კომსომოლი კლავს
5. ნომენკლატურული კლანურობა კლავს
6. პუტჩი დღემდე სხვადასხვა ფორმით გრძელდება და კლავს

და თავისი ხასიათით ყველაფერი ეს საერთო, ანტიეროვნული – საკუთარ პატივმოყვარეობასა და ინტერესებს შეწირული ეროვნული ინტერესების საპირისპირო – წარმომავლობისაა. თან, წინ ე.წ. არჩევნებია.

ეს რაც შეეხება ქვეყნის შიდა სიტუაციას. ქვეყნის გარეთ კი ნატოს სამიტი ახლოვდება.