კონსტანტინე (კოკა) ვეკუა : მოზაიკები

Just another WordPress.com weblog

Posts Tagged ‘განათლება

პოლიტიკა და განათლება

leave a comment »

3067_2_Jean-Jacques Rousseau

“როდესაც მონები აჯანყდებიან ხოლმე, ისინი თავისუფალ საზოგადოებას კი არ ქმნიან, არამედ მხოლოდ პატრონებს იცვლიან”

ჟან-ჟაკ რუსო

ამიტომ, ეს რომ არ მოხდეს, პოლიტიკა და განათლება ერთმანეთს აუცილებლად მხარდამხარ უნდა მიჰყვებოდეს. გაუნათლებელი პოლიტიკა ისეთივე დამღუპველია, როგორც ჯანსაღი საჯარო სივრცის გარეშე დარჩენილი განათლება. რაც არ უნდა კრიტიკული პერიოდი იდგეს ქვეყანაში, ყველა პროგრესული პიროვნება თუ განათლებიდან პოლიტიკაში გადავიდა, საბოლოოდ ერთი უკიდურესობა შეგვრჩება ხელთ ისევე, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული განათლებული ადამიანის გარეშე დარჩენილი პოლიტიკის შემთხვევაში. შესაბამისად, გადანაწილება ეფექტიანი უნდა იყოს. ყველაფერი ეს იმასაც ნიშნავს, რომ გამოსწორებული პოლიტიკური სივრცის დროს არ უნდა დაგვავიწყდეს განათლება და მეტიც, ეს უკანასკნელი სახელმწიფოს სამ ყველაზე ძირითად პრიორიტეტს შორის უნდა იქნეს ჩაყენებული. ორივე სფერომ ერთმანეთს უნდა შეუწყოს ხელი, თუ გვინდა, რომ ეს სახელმწიფო შედგეს და განვითარდეს.

დასკვნა: 1. პოლიტიკურ სფეროში ცვლილება ერთი და ორი გვარ-სახელის მეორე გვარ-სახელით შეცვლას კი არ უნდა გულისხმობდეს (რა დროსაც ჟან-ჟაკ რუსოს ზემოთქმულ რეალობას მივიღებთ) და ამაზე კი არ უნდა იხარჯებოდეს მთელი ეროვნული ძალისხმევა, არამედ ზოგადად, სისტემური ცვლაა განსახორციელებელი, რაც საქართველოში ნეოკომუნისტური ნომენკლატურის მმართველობისა და მასთან დაკავშირებული ცნობიერების დასასრულს უნდა გულისხმობდეს. 2. განათლებამ ჰარმონიულად განვითარებული პიროვნებები უნდა მოუმზადოს ქვეყნის ყველა და მათ შორის, პოლიტიკურ განზომილებას. საპირისპირო შემთხვევაში, წინსვლაზე საუბარიც კი ზედმეტია, რადგან ამგვარად ვერანაირ წარმატებას ვერ შევინარჩუნებთ.