კონსტანტინე (კოკა) ვეკუა : მოზაიკები

Just another WordPress.com weblog

ისევ და ისევ

leave a comment »

ერთ-ერთ ხანდაზმულ ამერიკელ ეკონომისტს, რომელიც თავის დროზე დამკვირვებლად მუშაობდა პერ კაპიტა ევროპის ერთ-ერთ უმდიდრეს რეგიონში, იტალიის ემილია-რომანიაში ეკონომიკური ბუმის დროს, ბოლოს საქართველოში მოუწია გადმობარგება, რადგან აქ დანათესავდა ოჯახით. ეს კაცი ამბობდა, მოვიარე საქართველოს რეგიონებიო და სამეგრელოზე უფრო მშრომელი და მინიმუმიდან მაქსიმუმის მიმღები ხალხი არ მინახავსო ქვეყანაშიო. იტალიის ქალაქების, კარპისა და სასუოლოს მოსახლეობას მიამსგავსა, ვინც მაგ რეგიონში განმეორებით გამოიწვია ეკონომიკური აღმავლობა. ასევე, ცნობილია ქიზიყელების ყაირათიანობა და შრომაც. თავის დროზე თედო სახოკია წერდა გურულების შრომისმოყვარეობაზე როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ხელოსნობის მხრივ. ანუ თუ არ ჩავთვლით კოლექტივიზაციისაგან სუბიექტური და ობიეტური მიზეზებით შრომისკულტურადაქვეითებულ ქართველობას, ზოგადად ქართველი კაცი მშრომელი და შემოქმედებითი რომ არ ყოფილიყო, ვერც აქამდე მოვაღწევდით, ვერც ათასწლეულების განმავლობაში მილიონჯერ დანგრეულს აღვადგენდით და ვერც ბევრ ისეთ რამეს შევქმნიდით, რომელიც ჩვენ კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. რაც ენეოლითიდან მოყოლებული საქართველოს ასაშენებლად შრომა დახარჯულა, ბარე 5 გერმანიას ააშენებდა. ბევრი ერი არათუ ცუდად იარსებებდა, არამედ საერთოდ გადაშენდებოდა ამდენი ქარტეხილის გადამკიდე. ანუ შრომისა და სიცოცხლის უნარს ქართველობას ტრადიულად ვერ დავაშორებთ.

სხვა საკითხია, რა ხდება დღეს და რა არის ამის გამომწვევი მიზეზები. ერთ-ერთია რუსობის მემკვიდრეობა, სადაც ანთროპოლოგიურადაცაა გამოკვლეული, თუ რამდენად გადაასხვაფერა რუსობის 200 წლიანმა ბატონობამ ქართველი და მისი ეროვნული ხასიათი. თანამედროვეობაში კი ამას ემატება ნეოკომუნისტური ნომენკლატურის რევანში, რომელმაც 1991-1993 წლების სამხედრო-კრიმინალური გადატრიალება მოახდინა და რომელიც სხვადასხვა ფორმებში, მაგრამ დღემდე უწყვეტად გრძელდება. მოხდა ქვეყნის ქონების დატაცება და უკანონოდ მისაკუთრება, საიდანაც დღეს ნამცეცებს ამადლიან ქართველებს. პუტჩი არაა მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური მოვლენა, რადგან ამ შემთხვევაში, იგი მენტალურ პროცესადაც იქცა, რაც 1972-2003 წლებში ფაქტიურად, შევარდნაძის ეპოქის მეორე ეტაპია (პირველი იყო ქართველი ერის მასიური კორუფციის ჭაობში სრულიად მიზანმიმართული ჩაფლობა, რის შედეგებსაც დღემდე ვიმკით). შესაბამისად, ქართველობა დაბლაგვდა და დამახინჯდა ამ მენტალურ პროცესებში, დღემდე ძილ-ღვიძილის მდგომარეობაში იმყოფება და მოკლებულია საზოგადოების ინტერესებში ზემოდან სასიცოცხლო მხარდაჭერას. ამგვარად, მრავალი სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო ატროფირებული აქვს აქტიური ინიციატივის უნარი და თავისი გასაკეთებლის განხორციელებას საკუთარი თავის გარდა ყველა მხრიდან მოელოდება, რაც მწარე იმედგაცრუებისათვის და კატასტროფისაკენ განწირულ ცრუ მოლოდინს აღძრავს.

რა გამოსავალი რჩება ასეთ შემთვევაში, როდესაც ერს პოლიტიკურ და საჯარო სივრცეში არ ჰყავს საკუთარი ინტერესების გამომხატველი, დამცველი და გამტარებელი ძალა? დღემდე თითქოს სხვადასხვა პარტიები მართავენ საქართველოს, მაგრამ ყველა ძირითადი მათგანი იგივე მოქალაქეთა კავშირის ჩამომავალია.

საზოგადოებამ უნდა ისწავლოს თვითორგანიზება და საკუთარი თავის კოორდინაცია, რაც თანამშრომლობის, შემოქმედებითობის, კომპეტენციურობისა და ჯანსაღი ხედვის გარეშე შეუძლებელია. კოლექტიური ინტელექტის პრინციპია: არავინ იცის ყველაფერი, მაგრამ ყველამ იცის რაღაც. და ყველამ რომ ეს “რაღაც” საერთო საქმის მაგიდაზე დადოს და აამოქმედოს, ეს გარდამტეხ კლიმატს შექმნის.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ისევ და ისევ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ უცხოეთში და საქართველოში დახარჯული ამდენი თანხა ფაქტიურად კვლავ ერთი და იგივე ნაწილის მიერ იხარჯება, რაც მთელი საზოგადოების მაქსიმუმ 20 პროცენტია. დანარჩენის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კი 1991-1993 სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების შემდეგ განუხრელად უარესდება. ანუ მაგ დახარჯული თანხის უმრავლესობას საზოგადოების მცირე ნაწილი ხარჯავს. ამად, სახნავ-სათესი თანხები კი არა, არცთუ იშვიათად ხალხს საარსებო მინიმუმი არ გააჩნია. ყველაფერს მხოლოდ მთავრობას ვერ დააბრალებს ადამიანი, მაგრამ როდესაც ქვეყანას არ ჰყავს პატრონი, ხალხი ცოდვაა. ჩვენ არ გვქონია იმის ფუფუნება, რომ 50-100 წლის განმავლობაში დასავლურად განვითარებული ქვეყანა გადმოგვცემოდა. ვინც იყო კადრები, იმასაც უცხოეთში ექნა წასასვლელი ხელოვნურად შექმნილი გაუსაძლისი და სადამსჯელო პირობების გამო. შედეგი? ვაკუუმი. ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტის ზრდა ყოველთვის არ ნიშნავს საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, რაც სულიერ და ზნეობრივ აღმშენებლობასთან ერთად არის კიდეც ქვეყნის წინსვლის ნამდვილი ნიშანი.

ბოლო 5 და განსაკუთრებით 2 საუკუნის განმავლობაში ბევრ დაგროვებულ კრიტიკულ ხინჯს ვხედავ ქართველებში და ამის დანახვის გარეშე შეუძლებელია მწარე რეალობისათვის თვალის გასწორება, მაგრამ ზედმეტი თვითგვემა და ყველაფრის ქართველი ერისათვის გადაბრალება-შეხოცვაც ქვეყნის შინაური და გარეული მტრების წისქვილზე ასხამს წყალს (ეს მათი მეთოდია, რომ საკუთარი დანაშაულებრივი საქმიანობა მიჩქმალონ და სხვას გადააბრალონ) ისე, რომ ქართველ ერს ამით ვერაფერ სარგებელს ვერ მოვუტანთ.

დატოვე კომენტარი