კონსტანტინე (კოკა) ვეკუა : მოზაიკები

Just another WordPress.com weblog

ქრისტეს გზა და ბარაბას გზა

leave a comment »

ზეციური საქართველო გაცილებით უფრო მრავალრიცხოვანი და ძლიერია, ვიდრე მიწიერი. და პირველი იმდენად უფრო დიდი წონის მქონეა, რომ საქართველოს ვერანაირი ისტორიული ქარიშხალი ვერ მოერევა, თუკი ქართველი ერი ყოველდღიურად საქმით შეუერთდება უფლის მადიდებელი ზეციური ივერიის სულისკვეთებას.

ასევე, კარგი იქნება, თითოეულმა ქართველმა გავითავისოთ და გვახსოვდეს, რომ ჩვენ განუწყვეტლივ ვშორდებით ამ საფუძველს, თუკი ინდივიდუალურ, საზოგადოებრივ, ეროვნულ და საკაცობრიო დონეზე ჩვენი პასიური, თუ აქტიური ძალისხმევით ხელს ვუწყობთ, წარვმართავთ და ვამრავლებთ გათიშულობის, აყალ-მაყალის, კბილთა ღრჭენისა და დაქსაქსულობის დესტრუქციულ პრაქსისს, რაც დანაშაული და კრიმინალური მიდგომაა როგორც საკუთარი თავის, ასევე ერთმანეთის, საზოგადოების, ერისა და მთლიანად ადამის მოდგმის წინაშე. ნებისმიერი მსგავსი გამოვლინება, თუ მისი ნებაზე მიშვება, თუნდაც სიკეთისა და სამართლიანობის ნიღბით იქნეს მოწოდებული, ბარაბას გზაზე შედგომის უტყუარი ნიშანი და საზომია. შესაბამისად, ასეთი ერისთვის ღვთის მოწყალების დაუმსახურებელი მიღება გაუცნობიერებელი თავხედობა და ამპარტავნებაა.

ამიტომ, სანამ საკუთარ თავზე არ ავმაღლდებით და სიყვარულის სიკეთეს არ გავამარჯვებინებთ ჩვენში (მხოლოდ ღირსების, სამართლიანობის, ვაჟკაცობის სიკეთე არ კმარა და სიყვარულის გარეშე ძალიან ცოტა ფასი აქვს თითოეულ მათგანს. მსგავსი სათნოებები წარმართებსაც კი ჰქონდათ და თუ ამ დონეზე დავრჩით, მათგან რით განვირჩევით? მაშ, გამოდის, რომ ხშირ შემთხვევაში, პაგანური ეპოქის ადამიანები ზნეობრივად უფრო წინ იყვნენ, ვიდრე თანამედროვენი; მაგრამ ახალი აღთქმის ადამიანი ქრისტემ სწორედაც მიტომ აიყვანა თავისი განვითარების უფრო მაღალ ხარისხზე, რომ უფრო დიდი სათნოება, სიყვარული დაუსახა კანონად, რაც ამავე დროს ყველა წინარე სათნოებასაც მოიცავს, მათზე ერთიანად აღმატებულიცაა და არ წარმოადგენს მხოლოდ და მუდმივად “შენი ჭირიმე-შენ გენაცვალე”-ს თავზე რბილ ხელის გადასმას. როცა საჭიროა, სიმართლის ძალით მაცხოვარმა მათრახით გამორეკა ტაძრიდან ქვაბავაზაკნი, რაც გაკეთდა არა ადამიანის სიძულვილით, არამედ მისი სიყვარულის საფუძველზე), მანამდე ღირსი ვართ იმ განსაცდელის, რაც სწორედ ამ დანაკლისისა და მისგან იმუნიტეტის გამოსამუშავებლად მოგვივლინა ღმერთმა. არც მოგვეშვება და არ მოგვცემს საშველს, სანამ ნემსის ყუნწში არ გამოგვატარებს და უჟანგავი ხალიბური ფოლადივით მტკიცე სიყვარულის გზაზე არ შეგვაყენებს. ან გავქრებით და ან ქრისტესმიერი სიყვარულით ავბრიალდებით. ან ქრისტეს გზა და ან ბარაბას გზა. რამდენი ათასწლეულიც არ უნდა გავიდეს, სხვა ისტორიული და უკეთესი არჩევანი არც ჩვენ გვაქვს და არც კაცობრიობას. ზნეობრივი და სულიერი პრინციპები მუდამჟამს იქნება კაცთა და ადამის მოდგმის განვითარების ყველაზე უთანამედროესი მაჩვენებელი და მახასიათებელი.

Advertisements

საზოგადოება და ბრბო

leave a comment »

საზოგადოება, რომლის ცხოვრებაც სულიერ და ზნეობრივ პრინციპებზე არ დგას, სულისმკვლელ და უზნეო წესით ცხოვრობს და არსობრივად სატანურ ერთობას ქმნის. ასეთი ცოდვითდამძიმებული კაცუნები და მასა მუდამ სხვაში ეძებენ საკუთარი უბედურების გამოსყიდვის საშუალებას, სხვისი დაღუპვით ცდილობენ საკუთარი მდგომარეობის შემსუბუქებას. რენე ჟირარის განტევების ვაცის თეორიის მიხედვით, ამას სხვისი და სხვათა მსხვერპლშეწირვა მოჰყვება, რათა ნაპოვნი იქნეს გამოსავალი საკუთარი უმსგავსო მდგომარეობიდან და აქ ურთიერთბის ენა ძალადობაა, ფარისევლობა, ეგოცენტრიზმი. ტიპიური კამორაა – ოიდიპოსის დროინდელი შავი ჭირით დასერილი თებე. იქ, სადაც კერპთაყვანისმცემლობა ბატონობს, ყოფიერების ცენტრში მკვდარი სიცარიელე დგას და კვდომაა ყოველდღიური არსებობის საკვები; ხოლო იქ, სადაც საზოგადოების ორიენტირი ღმერთია, სხვაზე კი არ ძალადობენ, არამედ საკუთარ ცოდვებსა და ნაკლთ ებრძვიან, იმორჩილებენ მათ და ჭეშმარიტ თავის-უფლებას აღწევენ, რაც ნამდვილი განვითარების საწინდარია. ეს ყოველივე მხოლოდ კომუნისტური პერიოდის კი არა, კაცობრიობის ყველა დროის კანონზომიერებაა და დღესაც აქტუალურია.

ურთიერთობის პირველსიტყვა

leave a comment »

15965104_1110125345763145_7470441187617828875_n

იტალიური პირველსიტყვა ჩაო-ც (ciao) სწორედ ხელმწიფური მსახურების შინაარსს ატარებს, რომელიც მოდის სიტყვა სკიავო-დან (schiavo), რაც ნიშნავს მონას, მსახურს. ანუ მიმსახურეთ, თქვენს სამსახურში მიგულეთ, რაც თავაზიანობისა და კეთილშობილების და არა მონური მორჩილების ნიშნად ჩამოყალიბდა იტალიურ ხასიათში.

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ამა თუ იმ ერის საუკეთესო ხასიათი უპირველესად ამ ერისვე მისალმება-პირველსიტყვის შინაარსშია ამოტვიფრული.

ქართული გამარჯობაც გამარჯვებიდან მოდის, რაც ყველა ხილულ და უხილავ მტერზე გამარჯვებას ნიშნავს და საკუთარ თავში სიკეთისთვის, სამართლიანობისა და სიყვარულისთვის ბრძოლასა და ღვაწლს ატარებს. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ სიმართლისთვის ბრძოლას სიკეთე და სიყვარული აკლია, ის აუცილებლად ბოროტ უკიდურესობაში გადავარდება და უკეთურობის გარდა სხვას არაფერს მოიტანს. ეს მუდამ ასე იყო. ღვაწლი და შრომა კი განსხვავდება ერთმანეთისაგან. მაშინ, როცა შრომა პირადი გამორჩენისთვისაა, ღვაწლი მოყვასის და საზოგადო სიკეთისთვის შრომაა. ღვაწლის საუკეთესო და ყველაზე ამაღლებული სახე კი მოქალაქეობაა (ცხოვრებაი და მოქალაქეობაი), რომელიც უპირველესად ღვთის ქალაქის წევრობასა და მის პრინციპებზე დამყარებულ ცხოვრებას ნიშნავს.

სემიტური შალომ-სალამიც ძალიან ტევადია და სულიერ-მატერიალური კეთილდღეობის სრულყოფილ ერთიანობას გამოხატავს.

ყველა ერს და ადამიანს გაუმარჯოს, ვინც კი ამ საუკეთესო შინაარსებით ცხოვრობს. არ არსებობს ცუდი ერი, არსებობს კულტურა და უკულტურობა, კაცობა და არაკაცობა.

ეკლესია და სამოქალაქო საზოგადოება

leave a comment »

city-of-god

ერთ მხარესაა სეკულარული ხასიათის სამოქალაქო საზოგადოება და მეორე მხარესაა ეკლესიური საზოგადოება, სადაც მოქალაქეობა თავისი განვითარების აპოგეასაა მიღწეული.

მეტიც: სწორედ ეკლესიურ საზოგადოებაშია მოქალაქეობა ყველაზე ნაღდი და სრული, რადგან ისეთ სათნოებებსა და ამ უკანასკნელთა საწყისს-უფალს ემყარება, რომელიც წარმოადგენს თვით მოქალაქეობის ყველაზე ჯანსაღ საფუძვლებს. ცხოვრებაჲ და მოქალაქეობაჲ ზეცისა კაცთა და ქუეყანისა ანგელოზთა ამის საუკეთესო მაგალითია.

რაც შეეხება სეკულარული ხასიათის სამოქალაქო საზოგადოებას, იგი ეკლესიურობის დამახინჯებულ და დეკადენტურ ვერსიას წარმოადგენს

უცხო და საუცხოო

leave a comment »

sameba

საუცხოოს ცნებაში კნინობით და უკადრის ტერმინს კი არა, ქართველი ერისათვის დამახასიათებელ ყველაზე არსებით შინაარსს ვხედავ: ესაა სიყვარული და საკუთარი თავის გადადება სწორედ მაგ უცხოში განსახიერებული მოყვასისთვის. ამ ცნობიერებას არქაული ფესვები გააჩნია და იგი ჩვენი მოდგმის, პრემედიტერანულ ხალხებში გავრცელებული ტრადიციაც კი იყო, რომლის კვალიც თანამედროვე “სტუმარი ღვთისააო”-შიც შემორჩა. კერძოდ, პელაზგური წარმოშობის იყო პროქსენიის ინსტიტუტი, სადაც ნებისმიერი უცხო და სტუმარი ღვთისად მიიჩნეოდა, რადგან ეს სტუმარი სავსებით შესაძლებელია ყოფილიყო თვით ღმერთი (გავიხსენოთ ძველაღთქმისეული სამების სტუმრობა მამამთავარ აბრაამთან ანგელოზების სახით). შემთხვევითი არ იყო, რომ ზევსს პროქსენს უწოდებდნენ. და ამ ინსტიტუტთანაა დაკავშირებული თვითონ დიპლომატიური ურთიერთობების საწყისებიც. ასე რომ, საუცხოოში საკუთარი თავი და ეგოცენტრიზმი კი არაა მთავარი, არამედ მოყვასისთვის თავის გადადება, მოყვასისთვის საუკეთესოს გაზიარება, რაც ამპარტავნებით და უძღებობით გაკავებულ პიროვნებას არ შეუძლია. ეს მხოლოდ თავისუფალი, სიყვარულით გაჯერებული და თავის პირველხატს მიახლოებული კაცის ცხოვრებისეული კრედოა. არსებობ მხოლოდ შენ? ესე იგი, მკვდარი ხარ. არსებობს შენზე უფრო დიდი და ამაღლებული რეალობა, სხვა, მოყვასი, იმ უცხოში არსებული ღვთის ხატი? ესე იგი, მაშინაა შენი ცხოვრებაც აზრმიცემული, ნაღდი და ღრმა. სიყვარულის მაცხოვნებელი დედააზრიც ჩვენ ცხოვრებაში არსებულ საკუთარ თავში კი არა, სწორედ მაგ სხვაში, უცხოშია ჩადებული. ჩვენ ნამდვილად ვცხოვრობთ მაშინ, როდესაც ჩვენ ცხოვრებაში არის სხვაც და ბევრი სხვაც. მიყვარხარ=მე+ვარ+ხარ (ვცხოვრობ არა მაშინ, როდესაც ჩემი ყოფიერების სოროში ვიკეტები, მისით ვიზღუდები და საკუთარი თავით დაწყებულ-დასრულებული პრინციპებით დავიარებით, არამედ ვვითარდები და ვყვავილობ მაშინ, როდესაც ხარ შენ).

ასე რომ, თავისი მრავალათასწლოვანი განვითარების მანძილზე ქართველმა ერმა გამოიმუშავა და მიაღწია ამხელა ცნობიერებას-“რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია”-რომელიც სიყვარულის და ქრისტიანობის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. ეს იმან თქვას, ვისაც მსგავსი მსოფხლაღქმა არ აქვს, არ ესმის იგი და ეგზომი არ მოუღვაწია საკუთარ თავში.

როცა სიმდიდრე სიკეთეა

leave a comment »

მატერიალური სიმდიდრე მას ამშვენებს, ვინც თვითონაა შინაგანად მდიდარი და მშვენიერი. ქონების სიკეთე ზნეობასა და პასუხისმგებლობაში მდგომარეობს, რადგან ასეთ შემთხვევაში მოპოვებული საგანძური სიკეთის საკეთებელი საშუალებაა და არა ცხოვრების უმთავრესი მიზანი. ასეთ დროს თავისუფალი პიროვნება ფლობს სიმდიდრეს და არა პირიქით.

მატერიალური სიმდიდრე ჰგავს ძალაუფლებას, გარემოს, რომლებიც ზნეობრივი პიროვნების ხელში სიკეთის გასამრავლებელი საშუალებებია.

ესე იგი, სიმდიდრე კი არაა თავისთავად ცუდი, არამედ უმთავრესია, როგორი პიროვნების ხელშია იგი.

შესაბამისად, ადამიანები პირველ რიგში საკუთარ სულს, შინაგან სამყაროს, ერთმანეთს უნდა ავითარებდნენ და ამდიდრებდნენ. ეს უსასრულო გზასავალი შეიძლება იყოს. სხვა დანარჩენ მიმართულებას კი გამოფიტვამდე მიჰყავს კაცობრიობა.

 

Countries should not isolate themselves from the world, but instead engage other countries

leave a comment »

Countries are like collective persons among each other and likewise, in the case of the person, having an isolated manner of living, one is losing the possibility to grow, to mature interiorly, to be happier and make one another to feel better. By the other hand, it’s not enough to act exclusively as bridges in contemporary globalized world. It could be harmful and damaging too, if person isn’t similar to a house at the same time. The building has walls, but walls with windows and a door, in front of which guest respect the universe situated to the other side of the entrance and the same guest is appreciated and welcomed.

Communication and relation is already the culture by itself and it needs to be so. Everyone has to cultivate it inside and out. Otherwise, the fear, miscommunication, lack of knowledge of each other, violence, egocentrism and depression are substituting the best from the mankind’s achievements. Any tendency towards the domination instead of the collaboration must be considered not as an aim, which needs to be pursued and glorified, but as a lack of authentic richness, as the sign of inner weakness and deficiency really to move forward. Civilization without a culture is doomed to disappear.

Respectful interaction is what develops persons and nations. This is the only right way to accelerate the evolution of the humankind.

Written by georgianeli

აგვისტო 16, 2015 at 7:54 PM

Posted in კატეგორიის გარეშე