კონსტანტინე (კოკა) ვეკუა : მოზაიკები

Just another WordPress.com weblog

ერთი ესთეტიკური ნიუანსი ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში

with 10 comments

რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას?
თუ ემდური შენ ტრფიალისა ცვალებადს გრძნობას,
რომ არ გემსჭვალვის საუკუნო ტრფიალებითა?
ჰგავს, არ პასუხსსცემ შენ მას სულით მშვენიერითა.სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების
და, ვით ყვავილი, თავის დროზე მსწრაფლად დაჭკნების,
აგრეთვე გულიც, მხოლოდ მისდა შენამსჭვალები,
ცვალებადია, წარმავალი და უმტკიცები!

მშვენიერება ნათელია, ზეცით მოსული,
რომლით ნათლდება ყოვლი გრძნობა, გული და სული,
და კაცსა შორის, ვით კერძოსა ღვთაებობისა,
რად გრწამს არ იყოს საუკუნო მადლი ტრფობისა?

თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს,
მას ვერც შემთხვევა და ვერც ხანი ვერ დააბერებს.
მხოლოდ კავშირი ესრეთთ სულთა შობს სიყვარულსა,
ზეგარდმო მადლით დაუხსნელად დამტკიცებულსა!

მხოლოდ მათ შორის არის გრძნობა, ესთ სანუკველი,
რომ მის უტკბილეს არც თუ არის სასუფეველი!
მას ცისა სხივით აცისკროვნებს მშვენიერება
და უკვდავებით აგვირგვინებს ჭეშმარიტება!

ადამიანთა დაუკვირვებლობის გამო ხშირად სიტყვები იმდენად ავტომატურნი ხდებიან გამოყენებისას, რომ უმეტეს შემთხვევაში, ნაკლებად ვუკვირდებით, თუ რამხელა შინაარსის მატერებელნი არიან. მსოფლიოს კულტურულ ერთა ენებში და მათ შორის, ჩვენს მშობლიურ ენაში, იმდენი ლამაზი და მშვენიერი სიტყვაა, რომ არცთუ იშვიათად მათ არსში ჩაღრმავება და გათავისება გზრდის, დედასავით გეფერება სულში, მადლით გავსებს.

ერის სახე, მენტალიტეტი იცნობა მის მოსალმების კულტურაში. სემიტური მოდგმის ხალხი მოსალმებისას პირველსიტყვად ამბობს “შალომ”, “სალამი”, რაც მშვიდობას ნიშნავს და ადამიანის შინაგანი მდგომარეობისა და ქვეყნიერებაზე ღვთიური წესრიგის სურვილის/დალოცვის აღმნიშვნელია. ამად, ძალზე საკრალური დატვირთვის მატარებელია. იტალიელები ესალმებიან ასე: “salve” (ჯანმრთელობა, კარგად ყოფნა), ან “Ciao”, რომელიც წარმოდგება სიტყვისაგან “schiavo” და ნიშნავს მონა-მორჩილს, ანუ გულმზიანი მასპინძლობის ტრადიციის გამომხატველია და ასე შემდეგ. ქართველები ვამბობთ “გამარჯობა”-ს, რომელიც წარმოსდგება გამარჯვებისაგან და ხილულ და უხილავ მტერზე ძლევას აღნიშნავს. ცოტაა ბრძოლა შეარქვა ჩვენი მოდგმის ხალხთა მრავალათასწლოვან თავგადასავალს, რადგან არის ამაზე უფრო დიდი და კეთილშობილური ცნება: ღვაწლი, მოღვაწება, რომელიც ნიშნავს ბრძოლით გაჯერებულ შრომას.

რატომ ეს ყველაფერი? იმიტომ, რომ გვენიშნოს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს სიტყვის მართებულ, თუ უმართებულო გამოყენებას. რადგან სიტყვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი ადამიანისაგან, ვინც პრინციპულად და შეგნებულად ცხოვრობს ჭეშმარიტებას. მაშინ ასეთი ადამიანის სიტყვა, ყველაზე ცოტა, უკვეა საქმე. სიტყვა კი არა, ორი ასო-ბგერის უმართებულო ხმარებამ შეიძლება სავსებით შეცვალოს ისტორიაც კი. მაგ: ომი აფხაზეთ-ში, თუ აფხაზეთ-ის ომი ოფიციალურ დონეზე ძირეულად ცვლის ამ პრობლემის არსს და მიზეზებზე წარმოდგენას. ასე რომ, სიტყვები და ამაზე უფრო მეტად, მათში ჩადებული აზრი ისეთი რამაა, რასაც ყურადღებით და ფხიზელი გონებით უნდა მიეპყრას ყოველი ჩვენთაგანი (მაჯავრებს ზოგიერთი ქართველის-და ასეთები, სამწუხაროდ, არ არიან ერთი და ორი- უვიცობა, როცა ამბობს “სამხრეთ ოსეთი”, ან კიდევ უარესი “ოსეთი”. ასეთს ბევრი ესმის და უფრო დაიბრუნებს ამ ძირძველ ქართულ მიწას… მიტომაა, რომ მსგავს დღეში ვართ).

არაერთხელ გავიგებთ ხოლმე თქმას, რომ ამა თუ იმ ადამიანს ლამაზი სული აქვს. გაცილებით უფრო მართებულია იმის განცხადება, რომ ესა თუ ის საგანი მშვენიერია, ვიდრე სულის სილამაზეზე საუბარი. ეს მშვენიერების განზომილებაა.

ტატოს ეს ლექსი იმადაცაა საგულისხმო, რომ ავტორს გენიალურად აქვს განსაზღვრული და ესთეტიკურად ჩამოყალიბებული მშვენიერებასა და სილამაზეს შორის არსებული ზღვარი. მათ შორის განსხვავება კი არსებითია. თუკი სილამაზე ყოფიერების ფიზიკურ, სხეულებრივ მხარეს ეხება, მშვენიერება სულიერი თვისებაა.

“სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების
და, ვით ყვავილი, თავის დროზე მსწრაფლად დაჭკნების”

“მშვენიერება ნათელია, ზეცით მოსული,
რომლით ნათლდება ყოვლი გრძნობა, გული და სული”

ქართული ენა მდიდარია იმითაც, რომ გააჩნია მსგავსი ესთეტიკური დიფერენცირება, რაც ზოგიერთ ენაში არ გხვდება. იტალიურში ორივეს აღმნიშვნელად გვაქვს “bello”, რუსულში “краса”, “красота”. თუმცა, ინგლისურში გვხვდება “beautiful” (ლამაზი) და “nice” (მშვენიერი).

სილამაზისა და მშვენიერების სხვადასხვაობა ჯერ კიდევ ლაო-ძისთან გვხდება, რომელიც “დაო დე ძინი”-ს ბოლო ლექსში ამბობს, რომ “ლამაზი სიტყვა ისევე არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი, როგორც ჭეშმარიტება არ შეიძლება იყოს ლამაზი”.

ამად, ჭეშმარიტებასაც და მშვენიერებასაც საერთო საწყისი გააჩნიათ. სიყვარულზე უფრო დიდი სათავე კი არ არსებობს.

10 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ინგლისურში, მამაკაცის სილამაზეს ძირითადად სიტყვა handsome–ით აღნიშნავენ, ქალისას – beautiful .. ესეც ძალიან საინტერესოა ^_^

    kevana

    August 26, 2011 at 3:14 pm

    • განავრცე ეს აზრი-დიდი სიამოვნებით მოგისმენ

      georgianeli

      August 26, 2011 at 4:02 pm

      • ძალიან ადვილი მისახვედრი მგონია, რომ ეს განსხვავება ალბათ, ქალისა და მამაკაცის გარეგნული სილამაზის განსხვავებას აღნიშნავს. მამაკაცი ისეთი თვალწარმტაცი ვერ იქნება როგორც ქალი, ვერც კეკლუცი.
        ჩვენთანაც არის ხომ ასეთი რამ, მამაკაცს ჭრილობა ამშვენებსო..

        გავრცობა შეიძლება, ოღონდ მოგვიანებით ^_^ დავალაგებ სათქმელს

        kevana

        August 26, 2011 at 4:25 pm

  2. დალაგებული სათქმელი სტუდიაში

    georgianeli

    August 28, 2011 at 3:06 pm

    • არც მთქმელი ჩანს, არც სათქმელი🙂

      georgianeli

      September 19, 2011 at 12:59 pm

      • საყვედურ მიღებულ არს..😦 თუმცა მაინც ვერ დავალაგე, ისე როგორც ჯერ არს და ეკადრების…

        საქმე იმაშია, რომ საგანსა თუ მოვლენას სახელები შემთხვევით არ ერქმევა. სახელთა დარქმევა განპირობებულია რიგი მიზეზებით, მათ შორის, ადამიანთა დამოკიდებულებებისა და მსოფლმხედველობის მიზეზით. ანუ, ადამიანი არქმევს სახელს რათა განასხვაოს და გაარჩიოს ესა თუ ის საგანი… ადამიანი რამდენადაც კოლექტიური ცხოველია, შესაბამისად, მას უჩნდება ისეთი ასოციაციები და შეგძნებები და აზრები და ა.შ, რაც სხვას, ოდა დაახლოებით ასე იქმნება კოლექტიური აზროვნება (იმჰო). სწორედ კოლექტიური ცნობიერება განაპირობებს ბუნებაში განზოგადებისა და დაკონკრეტების არსებობას. რისთვის მინდოდა ეხლა ეს ფილოსოფიური ბოდვანი. აი რისთვის. დღევანდელ დღეს სიტყვებს, ძველსა და ახალს, ერთ ერსა და მეორე ერს, შორის რაიმე ლინგვისტური კანონებით მოქმედი მიზეზისა თუ ურთიერთობის აღმოჩენა, მეცნიერთათვით აღტკინების მომტანია: ეს ნიშნავს რომ მათ შორის კავშირია, ეს ნიშნავს რომ ისინი რაღაც გარკვეულ კანონზომიერ განვითარების არეალში ექცევიან. აქედან ნათესაური კავშირი და სხვა ბლაბლა… მაგრამ გამოიტანო კოლექტიური ცნობიერებიდან სიტყვები, რომელთა მნიშვნელობა უკავშირდება ერთ დროს სხვა სიტყვას. ეს ძნელია. ვგულისხმობ 100% ან 95%იან სიზუსტეს..
        მარტივი მაგალითი. ლტოლვა. რამხელა შინაარსობრივი ცვლილება განიცადა ამ სიტყვამ. ერთ დროს ნიშნავდა გაქცევას და აქედან მოდის სიტყვა ლტოლვილი, მეორე დროსს კი რატომღაც გაქცევის საწინააღმდეგო – მიზიდვა. აქედან მოდის ლტოლვა როგორც ვნება, მიზიდვა. დღეს ძნელია იპოვო ამ ცვლილების მიზეზი. რავიც, მე მერთულება.
        სილამაზე რუსულად ნიშნავს “красота”–ს. ხომ ასეა? აბა დავშალოთ და რა რისგან მომდინარეობს, უბრალოდ ვარაუდები… რამდენადაც მახსოვს, ერთი ვერსიით, ეს სიტყვა მოდის краска”, красный–დან, ანუ წითელი. როგორც ჩანს წითელი ან ლოყაწითელი, ან იქნებ წითურიც, ითვლებოდა ან აღქმებოდა რუსულ საზოგადოებაში ლამაზად, მშვენიერად… როგორც ჩვენთან ყველაფერი “უცხო” იყო სა–უცხოო.. მაგრამ ეს ყველაფერი ვარაუდებია…
        ინგლისურში, როგორც ვთქვი, რამოდენიმე სიტყვა აქვთ სილამაზის და სიმშვენიერის აღსანიშნავად. გნებავს სიკოხტავის..
        pretty, beautiful ეს ქალზე ითქმის, ხოლო მამაკაცზე – handsome.. დღეს არეულია, კაცსაც უწოდებენ “ფრეთი”–ს და რატომღაც ძალიან მხვდება თვალში, ისევე როგორც “ბლესკიანი” ტუჩებით ზოგი “მამაკაცი” …
        როგორც ჩანს, და ეს ასეც უნდა იყოს, კაცის იდეალური ფიზიკური გარეგნობა უნდა განსხვავდებოდეს ქალის იდეალური ფიზიკური გარეგნობისგან. და ამასთან, ამავე სიტყვებში თითოეული სქესისათვის დამახასიათებელი ბუნებაა ჩადებული. იმ დროისათვის დამახასიათებელი და იმედი მაქვს დღსაც არაფერი შეცვლილა ამ მხრივ :დ :დ

        ლამაზი სული, სხვათაშორის ეს ფრაზა მე ყურთ არ მიჟღრიალებს… არის ხომ სულთა სამყაროში დიფერენციაცია.. ზოგი სული მშვენერია და ზოგიც – ლამაზი.. დიახთ, ეს ასეა. არ გჯერა?🙂

        ჩვენ გარს გვარტყია სიტყვათა უხილავი სამყარო, გარს გვარტყია ღმერთი და არათუ ვერ ვხედავთ (რამეთუ გონებით ბრმანი ვართ), არათუ ვერ ვისმენთ (რამეთუ ყრუნი ვართ), არამედ ვერ ვაცნობიერებთ (რამეთუ დაუკვირვებელნი ვართ)… სიმართლე გითხრა, ახლა იმაშიც კიარ ვარ დარწმუნებული , დაწერილ სიტყვას უფრო აქვს ძალა, თუ წარმოთქმულს.. ძილი ნებისა :*

        kevana

        September 19, 2011 at 10:34 pm

      • შენ ოღონდ გამოჩნდი და, საყვედურს ხშირად მოგცემ:)

        მამაკაცი “ბლესკიანი” ტუჩებითა და ქვეყნიერების ყირამალაზე გადასვლა მაგარი იყო🙂

        სულის სილამაზე და ხორცის მშვენიერება სად გაგონილა, როცა პირიქითაა? ხორციელი სხეულის გამშვენიერება კიდევ შეიძლება იმდენად, რამდენადაც გასულიერდება იგი. თუმცა, სულის უფრო მეტად ხორცქმნა მის დაცემასა და კვდომას უდრის. ამას კი ლამაზს ვერ დავარქმევთ. მაქსიმუმ შეიძლება, კონკრეტულ შემთხვევებში სულიერების ფიზიკურ გამოვლინებებს ჰქონდეთ ადგილი. ამიტომაა, მეც ბარათაშვილივით განვასხვავებ ამ ორ სიტყვას (სილამაზე და მშვენიერება) და ესთეტიკური კატეგორიებით ვაცნობიერებ მათ სხვა და სხვა განზომილებას.

        სიტყვა კი ბევრი სახის შეიძლება იყოს: წერილობითი, პირით გამოთქმული, გრძნობიერი სიტყვებიც, პირით გამოუთქმელიც და ასე შემდეგ. მცენარეებს დააკვირდი. თითქოს ჩუმად არიან. არადა, რამდენს საუბრობენ. საუბრობენ კი არა, მეტიც: თავისებურად გალობენ. აპააა

  3. ესთეტიკა ცოტა სხვაგვარად უდგება, და ენათმეცნიერება – სხვაგვარად. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ნამდვილად უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ ფილმში შემხვდა – Renaissance Man. მოვნახავ და გავიხსენებ, არადა ასე ბუნდოვნად მახსოვს და არ მინდა დაუზუსტებლად ვთქვა😦

    kevana

    September 20, 2011 at 10:01 am

    • მაშინ, როდესაც დასავლეთ ევროპაში აღორძინების ხანა დადგა, აღმოსავლური რენესანსები თავიანთ დაისს გადიოდნენ. ხოლო ის განსხვავებები, რაც სხვა და სხვა ენაში ჩამოყალიბდა ფიზიკურ სილამაზესა და სულიერ მშვენიერებას შორის, ნებისმიერ რენესანსს ათასწლეულებით უსწრებდა წინ და უფრო მეტი ხნის ისტორია და ამა თუ იმ ხალხის გენიალური დადგინება გააჩნია, ვიდრე თვითონ რენესანსია.

      ესთეტიკას კი ენათმეცნიერებასთან პირდაპირი დამოკიდებულება აქვს და არა წინააღმდეგობრივი, რადგან მისმიერი სიტყვები ისევე იბეჭდება ენაში, როგორც სხვები. საინტერესო კია, რა თქმა უნდა

      georgianeli

      September 20, 2011 at 11:07 am

  4. აი, ვიპოვე

    ბოლოშია.. Oxymoron – ანუ, “სტილისტური ხერხი, ტროპის სახე; ემყარება ერთმანეთთან „შეუთავსებელ“, ურთიერთგამომრიცხავ ცნებათა დაკავშირებას, კონტრასტული ნიშნის გადატანას, რითაც ახალი ცნება ან ახალი წარმოდგენა იქმნება. ოქსიმორონი ფართოდაა გავრცელებული ჩვეულებრივ მეტყველებაში („მშრალი ღვინო“, „მჭევრმეტყველი დუმილი“ და სხვა), რიტორიკასა და მხატვრულ ლიტერატურაში.”
    ეს მომწონს ძალიან, აი წარმოუდგენლად… ამ ხერხით რაღაცით შეიძლება “გაამართლო” “ლამაზი სული” და “მშვენიერი ხორცი” :დ :დ :დ :დ

    kevana

    September 23, 2011 at 4:42 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: