კონსტანტინე (კოკა) ვეკუა : მოზაიკები

Just another WordPress.com weblog

Archive for მარტი 2019

გეორგიანული სერფინგი

leave a comment »

“ქართველების ხასიათში ერთი საინტერესო ელემენტი აღინიშნება – ინდივიდუალური უპასუხისმგებლობა, რომელიც ესპანელებისა და ირლანდიელების ეროვნულ ხასიათს მოგვაგონებს და რასაც შეიძლება ესთეტიკური უპასუხისმგებლობა ეწოდოს. ქართველებს, ესპანელებისა და ირლანდიელების მსგავსად, არაერთხელ მოუხდათ უცხო ხალხთა პოლიტიკური ბატონობისა და კულტურული ჰეგემონიის ქვეშ ცხოვრება. ისინი ურიგდებოდნენ ასეთ ბატონობას, მაგრამ სერიოზულად არ უყურებდნენ მას და მისი დამთავრების შემდეგ ისევ ადრინდელ ხასიათს ინარჩუნებდნენ. სწორი არ იქნებოდა გვეთქვა, რომ ისინი არ ეწინააღმდეგებოდნენ ამგვარ ბატონობას, ხშირად გააფთრებულ წინააღმდეგობასაც უწევდნენ, მაგრამ ეს იყო ცოცხალი ორგანიზმის წინააღმდეგობა და არა რაიმე იდეისათვის ბრძოლა. საქართველოს ისტორია, მსგავსად ესპანეთის და ირლანდიისა, გვიჩვენებს, რომ აქ ერი მიაჩნდათ უმაღლეს სიწმინდედ და არა ესა თუ ის პრინციპი. და თუ რომელიმე ამათგანი რელიგიურ ომში იყო ჩაბმული, აღმოვაჩენთ, რომ სარწმუნოებისათვის ბრძოლის მიზეზს ეროვნული ინტერესი წარმოადგენდა.

ქართველების ამ “ესთეტიკურ უპასუხისმგებლობაში” მდგომარეობს მათი ეროვნული ხიბლიც და მათი, როგორც მკაცრად ინდივიდუალისტური ერის, გადარჩენის საიდუმლოებაც. ქართველებში, როგორც ხალხში, ისე პიროვნებებში, კარგად განვითარებული ინტელექტი და ნათელი, ცნობისმოყვარე გონება უთავსდება პირველყოფილი ადამიანის უზნეობას და მოუთოკაობას”.

უილიამ ალენი

“ქართველს აკლია დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ, რომელსაც ვერავითარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს; მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა… პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა… ქართველ ხალხს ეს თვისება არ აქვს. მისი გული და მისი ნება ჰარმონიულად ფეთქს. გული აინთება – ნებაც მოქმედებს, მაგრამ გული მალე ცივდება და ნების მაჯისცემა უმალვე წყდება. იშვიათია ჩვენში ისეთი ადამიანი, რომელიც ენერგიის გამძლეობის მხრივ საგრძნობლად არ კოჭლობდეს. პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ და უამისოდ კი ჩვენი ნება არ იძვრის; დიდი საქმეები კი გვაფეთქებენ, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევდეს, და გულთან ერთად ნებაც დუნდება და დაწყებული საქმე ანაზდად წყდება… ამიტომ არის, რომ ჩვენი არსებობის ნიადაგს ჩვენვე ვანიავებთ და ბედნიერ მეტოქესთან ბრძოლაში მუდამ ვმარცხდებით.

საკუთარ საქმეს კი გამბედაობა და ინიციატივა ეჭირვება და ჩვენს ხალხს ეს აკლია; უამისობაა, რომ ჩვენ სხვის საწველ ფურად გვაქცევს და საკუთარ დოვლათს სხვების საკეთილდღეოდ გვადებინებს. აქტიური ხასიათი, ძლიერი ნება – აი, რა აკლია ქართველობას და ჩვენი აღზრდის სისტემაც მარტო აქეთ უნდა იყოს მიმართული. ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი მიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ, და თუ რამ გვჭირია, ყოვლის უწინარეს, აქტიური ხასიათია ჩვენთვის საჭირო”.

დიმიტრი უზნაძე

ვერ დავეთანხმები აღნიშნულ თქმებს ქართველების ინდივიდუალურ სივრცესთან მიმართებით, რადგან საკმაო მაგალითი მოიპოვება ამ ქვეყანაში, სადაც მინიმუმიდან მაქსიმუმს აღწევს ქართველი – ოღონდაც, უფრო თავისთვის და საკუთარი ოჯახისთვის. თუმცა, უკვე მოყვანილი დახასიათებები უფრო საჯარო სივრცეშია მართებული და ამასაც თავისი მიზეზი აქვს. დიდი ხანია, ჩვენი სახელმწიფოს პატრონნი არ ვყოფილვართ ბოლო 8 საუკუნოვანი საკმაოდ ობიექტური და თავზევითაღმატებული ძლიერი მიზეზების გამო. მთელი ამ ხნის განმავლობაში, სრულიად გასაგები მიზეზების გამო, ჩვენ, როგორც ერი, უმთავრესი საფუძვლების გადარჩენით ვიყავით დაკავებული, რადგან უფრო მეტის საშუალება იშვიათად თუ გვეძლეოდა, რაც შეძლებისდაგვარად გამოგვიყენებია კიდეც. ამიტომ, საჭიროა, უფრო მეტი შემართება გამოვიჩინოთ არა მარტო ინდივიდუალურ სივრცეში, არამედ საჯარო განზომილებაშიც. ისტორიული ქარიშხლების გამო ქართველი კაცი იმდენადაა გაზარმაცებული, გაუთავისებელი და გაუცხოებული საჯარო ასპარეზზე, რომ თავისით ამ ქვეყნის აშენება არ გამოვა, თუ არა ისევ ჩვენივე ძალისხმევის გაათმაგებით და გაასმაგებით. ხოლო იმისათვის, რომ ეს უფრო ეფექტურად მოხდეს, საჭიროა ერთად ქართული საქმის კეთება. გინდაც, მულტიდისციპლინარული ხასიათით. კოლექტიური ინტელექტის პრინციპი საკმაოდ მოგვეხმარება და თუ ადრე, ძალის პრიმატზე დამყარებულ ეპოქებში, ჩვენი მცირერიცხოვნობა ნაკლი იყო, თანამედროვეობაში მეტი წინაპირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ჩვენი სიმცირე უპირატესობადაც კი ვაქციოთ. მოკლედ, დასავლეთ ევროპელებისაგან განსხვავებით, რომლებიც რაციონალური ინდივიდუალისტები არიან (რაციო, როგორც ზნეობრიობისა და პასუხისმგებლობის მშობელი), ჩვენ ემოციური ინდივიდუალისტები ვართ, რაც ბუნებრივი და ლოგიკურია, რადგან უფრო ახლოს ვიმყოფებით აღმოსავლეთთან. სათანადო ძალისხმევის გამოჩენისა და ზომიერი გონიერების (კეთილგონიერების) მომრავლების შემთხვევაში, ემოციურობისა და ინდივიდუალიზმის ნაზავი, რაიც დასავლისა და აღმოსავლის საუკეთესო მიღწევათა ქორწილის შედეგია, ნაკლად კი არა, სწორედ რომ ღირსებად შეგიძლია გარდავქმნათ. ეს კი ევროპიდან და აზიიდან მომავალ ტალღების ქვეშ მოყოლას კი არ ნიშნავს, არამედ ამ ტალღებზე “გეორგიანული სერფინგის” შესწავლასა და გათავისებას.