კონსტანტინე (კოკა) ვეკუა : მოზაიკები

Just another WordPress.com weblog

Archive for მარტი 2020

საქართველო და ნოოსფერო

leave a comment »

digitalpuppet

 

 

მეორე თაობის საინფორმაციო იარაღის გამოყენების მთავარი ამოცანების ჩამონათვალი კიდევ უფრო ნათელს ხდის, თუ რამდენად უმნიშვნელოვანესი გამოსაცდელი საინფორმაციო ომის პოლიგონია საქართველო რუსეთის იმპერიისთვის.

❗️მეტოქის სულიერებისა და ზნეობრიობის წინააღმდეგ, კულტურული მემკვიდრეობისადმი უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად მიმართული გარემოს ჩამოყალიბება;
❗️საზოგადოებრივი ცნობიერებითა და ქვეყნის მოსახლეობის სოციალური ჯგუფების პოლიტიკური ორიენტაციით მანიპულირება პოლიტიკური დაძაბულობისა და ქაოსის შექმნის მიზნით;
❗️პარტიებს, გაერთიანებებსა და მოძრაობებს შორის პოლიტიკური დესტაბილიზაცია კონფლიქტების გასაჩაღებლად, უნდობლობის, ეჭვის შექმნა, პოლიტიკური ბრძოლის გამძაფრება, ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიებისა და ურთიერთგანადგურების მცდელობების პროვოცირება;
❗️სამთავრობო ორგანოების საინფორმაციო უზრუნველყოფისა და მართვის ხარისხის დაქვეითება, მართვაში მცდარი გადაწყვეტილებების მიღების ინსპირაცია;
❗️მოსახლეობის დეზინფორმირება სახელმწიფოებრივი ორგანოების მუშაობის შესახებ, მათი ავტორიტეტის შერყევა, მმართველობითი ორგანოების დისკრედიტაცია;
❗️სოციალური, პოლიტიკური, ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტების პროვოცირება;
❗️გაფიცვების, სამოქალაქო არეულობისა და ეკონომიკური ხასიათის პროტესტის სხვა ფორმების ხელშეწყობა;
❗️სამთავრობო ორგანოების მიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისათვის ხელის შეშლა;
❗️სახელმწიფოს საერთაშორისო ავტორიტეტის, მისი სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის შერყევა;
❗️სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესებისათვის ზიანის მიყენება პოლიტიკური, ეკონომიკური, თავდაცვითი და სხვა მიმართულებით.

მაშინ, როდესაც კაცობრიობა საინფორმაციო ერაში შედის, აღნიშნული განვითარებისაგან ქვეყნის მოწყვეტა და ერთ ადგილას გაყინვა ნაკლები დანახარჯებითა და საომარ ქმედებებზე უფრო შედეგიანი შეიძლება აღმოჩნდეს მეტოქის დასაპყრობად, თუ დასამარცხებლად.

ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ სამწუხაროა, საინფორმაციო ტექნოლოგიების დესტრუქციული მიზნებისათვის გამოყენება მაშინ, როდესაც მესამე ათასწლეულში, როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ დონეზე კოლექტიური ინტელექტუალური თანამშრომლობის საშუალებით მისი კაცობრიობის განვითარების სამსახურში ჩაყენება სრულიად რეალური და აუცილებელი მოთხოვნაა ადამის მოდგმის სიცოცხლის გასახანგრძივებლად. ის, რაც ამ კონსტრუქციულ მიზანს ეწინააღმდეგება, ეფუძნება დომინაციასა და ეგოცენტრულ ცნობიერებაზე აგებულ სტერილურ და ავადმყოფურ მენტალობას, რომლისგანაც ინდივიდები, საზოგადოებები, სახელმწიფოები და კაცობრიობა უნდა გავთავისუფლდეთ, თუ გვინდა, რომ ბოლოს და ბოლოს მივაღწიოთ მშვიდობიანი განვითარების ხარისხს. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ებრძვის ერთმანეთს წარსული და მომავალი ყოველ დღვანდელ დღეს, სადაც ბრმა და კვდომით სნეული ცნობიერება მერმისის შთანთქმას ცდილობს. და ეს მაშინ, როდესაც ერთჯერ და სამუდამოდაა ნამყოში ჩასატოვებელი ყოველივე ის, რაც გვართმევს ხვალინდელ დღეს

მე-20 საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს ჯემალ ქარჩხაძე, თავის რომანში “ზებულონი” წერდა ასეთი წინააღმდეგობების მოახლოებაზე, როდესაც იოველ ბატონიშვილის სიტყვებით ცოდნის ხანაში შესვლაზე მიგვანიშნებდა: “მალე ხმლისა და შუბის ომი დამთავრდება, ისახარ და გონების ომი დაიწყება, წიგნიერების ომი დაიწყება, სწავლისა და განათლების ომი”. კიდევ საუკუნით ადრე, ილია ჭავჭავაძე იყო ის, ვინც განათლებისა და ცოდნის ძალით უფრო მეტი წარმატების მიღწევის შესაძლებლობაზე ამახვილებდა ყურადღებას, ვიდრე მხოლოდ იარაღის მეშვეობით შეიძლება მივიღოთ.

უპირველეს ყოვლისა, კარგა ხანია, რაც ტვინის გასანძრევ ომში ვართ და ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად გამოვიღვიძებთ ჩვენი ერისა და მამულის ერთობლივი, ერთსულოვანი, ეფექტიანი, კეთილგონივრული, შემოქმედებითი თავდაცვისა და მშვიდობიანი განვითარების საქმეში.