კონსტანტინე (კოკა) ვეკუა : მოზაიკები

Just another WordPress.com weblog

Posts Tagged ‘კოლექტიური ინტელექტი

გეორგიანული სერფინგი

leave a comment »

“ქართველების ხასიათში ერთი საინტერესო ელემენტი აღინიშნება – ინდივიდუალური უპასუხისმგებლობა, რომელიც ესპანელებისა და ირლანდიელების ეროვნულ ხასიათს მოგვაგონებს და რასაც შეიძლება ესთეტიკური უპასუხისმგებლობა ეწოდოს. ქართველებს, ესპანელებისა და ირლანდიელების მსგავსად, არაერთხელ მოუხდათ უცხო ხალხთა პოლიტიკური ბატონობისა და კულტურული ჰეგემონიის ქვეშ ცხოვრება. ისინი ურიგდებოდნენ ასეთ ბატონობას, მაგრამ სერიოზულად არ უყურებდნენ მას და მისი დამთავრების შემდეგ ისევ ადრინდელ ხასიათს ინარჩუნებდნენ. სწორი არ იქნებოდა გვეთქვა, რომ ისინი არ ეწინააღმდეგებოდნენ ამგვარ ბატონობას, ხშირად გააფთრებულ წინააღმდეგობასაც უწევდნენ, მაგრამ ეს იყო ცოცხალი ორგანიზმის წინააღმდეგობა და არა რაიმე იდეისათვის ბრძოლა. საქართველოს ისტორია, მსგავსად ესპანეთის და ირლანდიისა, გვიჩვენებს, რომ აქ ერი მიაჩნდათ უმაღლეს სიწმინდედ და არა ესა თუ ის პრინციპი. და თუ რომელიმე ამათგანი რელიგიურ ომში იყო ჩაბმული, აღმოვაჩენთ, რომ სარწმუნოებისათვის ბრძოლის მიზეზს ეროვნული ინტერესი წარმოადგენდა.

ქართველების ამ “ესთეტიკურ უპასუხისმგებლობაში” მდგომარეობს მათი ეროვნული ხიბლიც და მათი, როგორც მკაცრად ინდივიდუალისტური ერის, გადარჩენის საიდუმლოებაც. ქართველებში, როგორც ხალხში, ისე პიროვნებებში, კარგად განვითარებული ინტელექტი და ნათელი, ცნობისმოყვარე გონება უთავსდება პირველყოფილი ადამიანის უზნეობას და მოუთოკაობას”.

უილიამ ალენი

“ქართველს აკლია დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ, რომელსაც ვერავითარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს; მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა… პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა… ქართველ ხალხს ეს თვისება არ აქვს. მისი გული და მისი ნება ჰარმონიულად ფეთქს. გული აინთება – ნებაც მოქმედებს, მაგრამ გული მალე ცივდება და ნების მაჯისცემა უმალვე წყდება. იშვიათია ჩვენში ისეთი ადამიანი, რომელიც ენერგიის გამძლეობის მხრივ საგრძნობლად არ კოჭლობდეს. პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ და უამისოდ კი ჩვენი ნება არ იძვრის; დიდი საქმეები კი გვაფეთქებენ, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევდეს, და გულთან ერთად ნებაც დუნდება და დაწყებული საქმე ანაზდად წყდება… ამიტომ არის, რომ ჩვენი არსებობის ნიადაგს ჩვენვე ვანიავებთ და ბედნიერ მეტოქესთან ბრძოლაში მუდამ ვმარცხდებით.

საკუთარ საქმეს კი გამბედაობა და ინიციატივა ეჭირვება და ჩვენს ხალხს ეს აკლია; უამისობაა, რომ ჩვენ სხვის საწველ ფურად გვაქცევს და საკუთარ დოვლათს სხვების საკეთილდღეოდ გვადებინებს. აქტიური ხასიათი, ძლიერი ნება – აი, რა აკლია ქართველობას და ჩვენი აღზრდის სისტემაც მარტო აქეთ უნდა იყოს მიმართული. ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი მიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ, და თუ რამ გვჭირია, ყოვლის უწინარეს, აქტიური ხასიათია ჩვენთვის საჭირო”.

დიმიტრი უზნაძე

ვერ დავეთანხმები აღნიშნულ თქმებს ქართველების ინდივიდუალურ სივრცესთან მიმართებით, რადგან საკმაო მაგალითი მოიპოვება ამ ქვეყანაში, სადაც მინიმუმიდან მაქსიმუმს აღწევს ქართველი – ოღონდაც, უფრო თავისთვის და საკუთარი ოჯახისთვის. თუმცა, უკვე მოყვანილი დახასიათებები უფრო საჯარო სივრცეშია მართებული და ამასაც თავისი მიზეზი აქვს. დიდი ხანია, ჩვენი სახელმწიფოს პატრონნი არ ვყოფილვართ ბოლო 8 საუკუნოვანი საკმაოდ ობიექტური და თავზევითაღმატებული ძლიერი მიზეზების გამო. მთელი ამ ხნის განმავლობაში, სრულიად გასაგები მიზეზების გამო, ჩვენ, როგორც ერი, უმთავრესი საფუძვლების გადარჩენით ვიყავით დაკავებული, რადგან უფრო მეტის საშუალება იშვიათად თუ გვეძლეოდა, რაც შეძლებისდაგვარად გამოგვიყენებია კიდეც. ამიტომ, საჭიროა, უფრო მეტი შემართება გამოვიჩინოთ არა მარტო ინდივიდუალურ სივრცეში, არამედ საჯარო განზომილებაშიც. ისტორიული ქარიშხლების გამო ქართველი კაცი იმდენადაა გაზარმაცებული, გაუთავისებელი და გაუცხოებული საჯარო ასპარეზზე, რომ თავისით ამ ქვეყნის აშენება არ გამოვა, თუ არა ისევ ჩვენივე ძალისხმევის გაათმაგებით და გაასმაგებით. ხოლო იმისათვის, რომ ეს უფრო ეფექტურად მოხდეს, საჭიროა ერთად ქართული საქმის კეთება. გინდაც, მულტიდისციპლინარული ხასიათით. კოლექტიური ინტელექტის პრინციპი საკმაოდ მოგვეხმარება და თუ ადრე, ძალის პრიმატზე დამყარებულ ეპოქებში, ჩვენი მცირერიცხოვნობა ნაკლი იყო, თანამედროვეობაში მეტი წინაპირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ჩვენი სიმცირე უპირატესობადაც კი ვაქციოთ. მოკლედ, დასავლეთ ევროპელებისაგან განსხვავებით, რომლებიც რაციონალური ინდივიდუალისტები არიან (რაციო, როგორც ზნეობრიობისა და პასუხისმგებლობის მშობელი), ჩვენ ემოციური ინდივიდუალისტები ვართ, რაც ბუნებრივი და ლოგიკურია, რადგან უფრო ახლოს ვიმყოფებით აღმოსავლეთთან. სათანადო ძალისხმევის გამოჩენისა და ზომიერი გონიერების (კეთილგონიერების) მომრავლების შემთხვევაში, ემოციურობისა და ინდივიდუალიზმის ნაზავი, რაიც დასავლისა და აღმოსავლის საუკეთესო მიღწევათა ქორწილის შედეგია, ნაკლად კი არა, სწორედ რომ ღირსებად შეგიძლია გარდავქმნათ. ეს კი ევროპიდან და აზიიდან მომავალ ტალღების ქვეშ მოყოლას კი არ ნიშნავს, არამედ ამ ტალღებზე “გეორგიანული სერფინგის” შესწავლასა და გათავისებას.

ისევ და ისევ

leave a comment »

ერთ-ერთ ხანდაზმულ ამერიკელ ეკონომისტს, რომელიც თავის დროზე დამკვირვებლად მუშაობდა პერ კაპიტა ევროპის ერთ-ერთ უმდიდრეს რეგიონში, იტალიის ემილია-რომანიაში ეკონომიკური ბუმის დროს, ბოლოს საქართველოში მოუწია გადმობარგება, რადგან აქ დანათესავდა ოჯახით. ეს კაცი ამბობდა, მოვიარე საქართველოს რეგიონებიო და სამეგრელოზე უფრო მშრომელი და მინიმუმიდან მაქსიმუმის მიმღები ხალხი არ მინახავსო ქვეყანაშიო. იტალიის ქალაქების, კარპისა და სასუოლოს მოსახლეობას მიამსგავსა, ვინც მაგ რეგიონში განმეორებით გამოიწვია ეკონომიკური აღმავლობა. ასევე, ცნობილია ქიზიყელების ყაირათიანობა და შრომაც. თავის დროზე თედო სახოკია წერდა გურულების შრომისმოყვარეობაზე როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ხელოსნობის მხრივ. ანუ თუ არ ჩავთვლით კოლექტივიზაციისაგან სუბიექტური და ობიეტური მიზეზებით შრომისკულტურადაქვეითებულ ქართველობას, ზოგადად ქართველი კაცი მშრომელი და შემოქმედებითი რომ არ ყოფილიყო, ვერც აქამდე მოვაღწევდით, ვერც ათასწლეულების განმავლობაში მილიონჯერ დანგრეულს აღვადგენდით და ვერც ბევრ ისეთ რამეს შევქმნიდით, რომელიც ჩვენ კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. რაც ენეოლითიდან მოყოლებული საქართველოს ასაშენებლად შრომა დახარჯულა, ბარე 5 გერმანიას ააშენებდა. ბევრი ერი არათუ ცუდად იარსებებდა, არამედ საერთოდ გადაშენდებოდა ამდენი ქარტეხილის გადამკიდე. ანუ შრომისა და სიცოცხლის უნარს ქართველობას ტრადიულად ვერ დავაშორებთ.

სხვა საკითხია, რა ხდება დღეს და რა არის ამის გამომწვევი მიზეზები. ერთ-ერთია რუსობის მემკვიდრეობა, სადაც ანთროპოლოგიურადაცაა გამოკვლეული, თუ რამდენად გადაასხვაფერა რუსობის 200 წლიანმა ბატონობამ ქართველი და მისი ეროვნული ხასიათი. თანამედროვეობაში კი ამას ემატება ნეოკომუნისტური ნომენკლატურის რევანში, რომელმაც 1991-1993 წლების სამხედრო-კრიმინალური გადატრიალება მოახდინა და რომელიც სხვადასხვა ფორმებში, მაგრამ დღემდე უწყვეტად გრძელდება. მოხდა ქვეყნის ქონების დატაცება და უკანონოდ მისაკუთრება, საიდანაც დღეს ნამცეცებს ამადლიან ქართველებს. პუტჩი არაა მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური მოვლენა, რადგან ამ შემთხვევაში, იგი მენტალურ პროცესადაც იქცა, რაც 1972-2003 წლებში ფაქტიურად, შევარდნაძის ეპოქის მეორე ეტაპია (პირველი იყო ქართველი ერის მასიური კორუფციის ჭაობში სრულიად მიზანმიმართული ჩაფლობა, რის შედეგებსაც დღემდე ვიმკით). შესაბამისად, ქართველობა დაბლაგვდა და დამახინჯდა ამ მენტალურ პროცესებში, დღემდე ძილ-ღვიძილის მდგომარეობაში იმყოფება და მოკლებულია საზოგადოების ინტერესებში ზემოდან სასიცოცხლო მხარდაჭერას. ამგვარად, მრავალი სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო ატროფირებული აქვს აქტიური ინიციატივის უნარი და თავისი გასაკეთებლის განხორციელებას საკუთარი თავის გარდა ყველა მხრიდან მოელოდება, რაც მწარე იმედგაცრუებისათვის და კატასტროფისაკენ განწირულ ცრუ მოლოდინს აღძრავს.

რა გამოსავალი რჩება ასეთ შემთვევაში, როდესაც ერს პოლიტიკურ და საჯარო სივრცეში არ ჰყავს საკუთარი ინტერესების გამომხატველი, დამცველი და გამტარებელი ძალა? დღემდე თითქოს სხვადასხვა პარტიები მართავენ საქართველოს, მაგრამ ყველა ძირითადი მათგანი იგივე მოქალაქეთა კავშირის ჩამომავალია.

საზოგადოებამ უნდა ისწავლოს თვითორგანიზება და საკუთარი თავის კოორდინაცია, რაც თანამშრომლობის, შემოქმედებითობის, კომპეტენციურობისა და ჯანსაღი ხედვის გარეშე შეუძლებელია. კოლექტიური ინტელექტის პრინციპია: არავინ იცის ყველაფერი, მაგრამ ყველამ იცის რაღაც. და ყველამ რომ ეს “რაღაც” საერთო საქმის მაგიდაზე დადოს და აამოქმედოს, ეს გარდამტეხ კლიმატს შექმნის.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ისევ და ისევ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ უცხოეთში და საქართველოში დახარჯული ამდენი თანხა ფაქტიურად კვლავ ერთი და იგივე ნაწილის მიერ იხარჯება, რაც მთელი საზოგადოების მაქსიმუმ 20 პროცენტია. დანარჩენის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კი 1991-1993 სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების შემდეგ განუხრელად უარესდება. ანუ მაგ დახარჯული თანხის უმრავლესობას საზოგადოების მცირე ნაწილი ხარჯავს. ამად, სახნავ-სათესი თანხები კი არა, არცთუ იშვიათად ხალხს საარსებო მინიმუმი არ გააჩნია. ყველაფერს მხოლოდ მთავრობას ვერ დააბრალებს ადამიანი, მაგრამ როდესაც ქვეყანას არ ჰყავს პატრონი, ხალხი ცოდვაა. ჩვენ არ გვქონია იმის ფუფუნება, რომ 50-100 წლის განმავლობაში დასავლურად განვითარებული ქვეყანა გადმოგვცემოდა. ვინც იყო კადრები, იმასაც უცხოეთში ექნა წასასვლელი ხელოვნურად შექმნილი გაუსაძლისი და სადამსჯელო პირობების გამო. შედეგი? ვაკუუმი. ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტის ზრდა ყოველთვის არ ნიშნავს საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, რაც სულიერ და ზნეობრივ აღმშენებლობასთან ერთად არის კიდეც ქვეყნის წინსვლის ნამდვილი ნიშანი.

ბოლო 5 და განსაკუთრებით 2 საუკუნის განმავლობაში ბევრ დაგროვებულ კრიტიკულ ხინჯს ვხედავ ქართველებში და ამის დანახვის გარეშე შეუძლებელია მწარე რეალობისათვის თვალის გასწორება, მაგრამ ზედმეტი თვითგვემა და ყველაფრის ქართველი ერისათვის გადაბრალება-შეხოცვაც ქვეყნის შინაური და გარეული მტრების წისქვილზე ასხამს წყალს (ეს მათი მეთოდია, რომ საკუთარი დანაშაულებრივი საქმიანობა მიჩქმალონ და სხვას გადააბრალონ) ისე, რომ ქართველ ერს ამით ვერაფერ სარგებელს ვერ მოვუტანთ.

მართლმადიდებელი მამულიშვილი და მართლმადიდებლური ოჯახი

leave a comment »

მართლმადიდებლური ოჯახი ღმერთსა და სამშობლოს შორის გადებული ხიდია – იგი არ ყვლეფს სხვას და არ არის დაავადებული ეშმაკეული ეგოიზმით, არამედ ახარებს ღმერთსაც, მოყვასსაც და თვითონაა ამ ბედნიერების ზეგარდმო ნაკურთხი ბურჯი. სამართლიანად ექცევა ადამიანებს და არც ვინმესგან დაუშვებს უსამართლო მოპყრობას.

ყოველი, რომელიც ასე არ იქცევა, საქმითა და სულით ანტიქრისტეს სამეფოს მკვიდრია და ეშმაკის შვილი, რამეთუ ლიბერალიზმის ჯუნგლებში მოხვეჭილი სიმდიდრე და ოჯახური ბარაქა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ უფლისთვის სათნო ხარ და საღვთო საქმეს სჩადი.

თუკი გულს ცხოვრების აზრად სამართლიანობა, სიყვარული, სიბრძნე და კაცობა არ ამოძრავებს, ვერც ქრისტიანად ჩაითვლები.

უდიდესი და უმთავრესი საგანძური ყოველი წარმატებული საქმის ზნეობრივი და სულიერი მხარეა და არა მილიონები. პირველი უზომო და მარადიული სულიერი ფასეულობაა, მეორე კი წარმავალი ღირებულებების მატერიალურ განზომილებას ეკუთვნის.

ნებისმიერი სულიერად გამართული კოლექტიური ინტელექტის (ფრანგი ფილოსოფოსისა და სოციოლოგის, პიერ ლევის განსაზღვრება) მქონე ერთობის: ოჯახის, ერისა და კულტურის მრავალჟამიერი სიცოცხლისუნარიანობის საიდუმლო და საფუძველთა საფუძველი სწორედ, ამ პრინციპშია ჩადებული. ამიტომაა, რომ ამ დედააზრს ქვეყნად და თითოეულ ადამიანში ეშმაკეული ძალები ებრძვიან.