კონსტანტინე (კოკა) ვეკუა : მოზაიკები

Just another WordPress.com weblog

Posts Tagged ‘ხენეში

Ex Oriente Lux in Caucasus

with 2 comments

აღმოსავალი სიყვარულია, დასავალი – გონება.

აღმოსავალი მიამიტია და ბრძენი, დასავალი კი – მწიფე და ცნობიერი.

აღმოსავალი ქმნაა, დასავლეთი – ჭვრეტა/ფიქრი.

აღმოსავალი მთლიანობაა, დასავალი კი – განკერძოება.

აღმოსავალი პიროვნული ერთობაა, დასავალი კი – ატომიზირებული ინდივიდუალობა.

აღმოსავალი სულიერებაა, დასავალი – ზნეობა.

აღმოსავალი ცხოვრებაა, დასავალი კი – ცოდნა სიცოცხლეზე.

აღმოსავალი უსაზვღროების სისავსეა, დასავალი კი – უსასრულობის ნაწილი.

აღმოსავალი ზრდილობაა, დასავალი – თავაზიანობა.

აღმოსავალი მარტოობაშიც მეგობრობაა, დასავალი – მარტოსულობაში ჩაფლვა.

აღმოსავალი დინამიური უძრაობაა, დასავალი – სტატიური მოძრაობა.

აღმოსავალი შინაგანი სიმდიდრეა, დასავლეთი – გარეგნული ბარაქა.

აღმოსავალი არსებობის გულისგულში მყოფობს, დასავალი – საწყისს მოწყვეტილი მოგზაურობაა.

აღმოსავალი სიცოცხლის განგებაა, დასავალი – აჩრდილადმქცევი ბედისწერა.

აღმოსავალი ემპათიაა, დასავალი – მზერა.

აღმოსავალი ცოცხლად აფერადებული გრძნობების ფუგაა, დასავალი კი – აზროვნებითი სიმფონია.

აღმოსავალი გულისმიერი სითბოა, დასავალი – რაციონალური სიცივე.

აღმოსავალი უდაბნოშიც უკვდავების ოაზისია, დასავალი კი – სიცოცხლითსავსე ბუნების ხენეში გაუდაბნოება.

აღმოსავალი ზეციური წვიმაა, ზეგარდამონაწყალობევი მანანა, დასავალი კი – ციური წყალობისაგან დამოუკიდებლობა.

აღმოსავალი მზიურ პლაზმურობას შერწყმული ხალიბური ფოლადის სიმტკიცეა, დასავალი – ხისტი ელასტიურობა.

აღმოსავალი ედემია, დასავალი კი – სამოთხეგანვარდნილი უძღებობა.

აღმოსავალი გათავისუფლებული პრომეთეა, დასავალი – ეპიმეთეური დაქვემდებარება.

აღმოსავალია Fides, დასავალი – Ratio.

აღმოსავალი მაცოცხლებელი გამოცდილებაა, დასავალი – ტექნიკური პრაქსისი.

აღმოსავალი თვითონ ენაა, დასავალი კი – გრამატიკა.

აღმოსავალი თვითონ ყოფიერებაა, დასავალი კი – მეთოდი ყოფიერების შესახებ.

აღმოსავლის რაობა საყვარელ ადამიანთან ერთად სიცოცხლის პოეზიის შემოქმედებას მიაგავს, დასავლისა კი – სატრფოსაგან მოშორებით მასზე ლექსის წერას.

აღმოსავლეთი შიგნით მყოფობაა, დასავლეთი კი – გარეშემოვლა.

აღმოსავალი ყველაფერია, დასავალი – რაღაც.

აღმოსავალი შერწყმაა, დასავალი – დაცალცალკევება.

აღმოსავალი პარადოქსების ერთიანობაა, დასავალი კი – ორ, ან მრავალპოლუსიანი სინამდვილე.

აღმოსავალი ცე-ცხლ-ია (გრიგოლ რობაქიძის მიერ სიცო-ცხლ-ესთან ნიშანდობლივად დაკავშირებული), დასავალი კი – შუქია.

აღმოსავალი გარდაცვალება და აღდგომაა, დასავალი – შემეცნება.

აღმოსავალი მარადიულობაა, დასავალი კი – წესრიგი.

აღმოსავალი შეგრძნებაა, გათავისება, დასავალი – მოწონება.

აღმოსავალი ცხოვრებადქცეული, გაცოცხლებული ხელოვნებაა, დასავალი კი – ხელოვნება ხელოვნებისათვის.

აღმოსავალი შემოქმედებაა, დასავალი – მეცნიერება (პოლ ფოიერაბენდის მიერ მითითებული თეორიული პრაქსისის გაგებით).

აღმოსავალი მიზნის ყოველდღიური განხორციელებაა, დასავალი კი – მიზნისკენ სწრაფვა.

აღმოსავალი სრულქმნაა, დასავალი კი – პროგრესი.

აღმოსავალსა და დასავალს შორის ხიდად ოდენ ლოგოსის, სიტყვის სამეფოა გადებული.

აღმოსავლეთი და დასავლეთი გეოკულტურული სისრულით ერთმანეთს მხოლოდ კავკასიაში ხვდება.

დღესამომდე არ მომხდარა მათი ქორწილი, რაც ოდენ ერთისა და მეორის ურთიერთცნობით დაიწყება და ორივეს გასულიერებით თუ იქნება შესაძლებელი. პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ამ მიმართულებით ქრისტე-მაცხოვარმა გადადგა, როცა მოახდინა ორთავეს სულიერ განზომილებაში მისტიური შეხვედრა. მანამდე ეს თვით ალექსანდრე მაკედონელმაც ვერ შესძლო, რომელიც ძალით შეეცადა აღმოსავლეთისა და დასავლეთის შერწყმას. ზემოთქმული ეკუთვნის აღმოსავლისა და დასავლის სულიერი გეოგრაფიის განზომილებას.

კავკასიელ ხალხებს თავიანთი მრავალათასწლოვანი არსებობის განმავლობაში გააჩნდათ და გააჩნიათ უნიკალური შესაძლებლობა, იტვირთონ ამ მისიის განხორციელების საკაცობრიო მნიშვნელობის საქმე. საამისოდ უმთავრესია თავის-უფლება, რომლის საფუძველსაც, პირველ რიგში, წარმოადგენს საკუთარი იდენტურობის ღრმად შეცნობა და მხოლოდ მოცემული რეგიონისათვის დამახასიათებელი გეოკულტურული მოწოდების სისრულეში მოყვანა. დასავლეთისა და აღმოსავლეთის შერკინებისაგან წარმოქმნილი კავკასიური ჯოჯოხეთის ერთჯერ და სამუდამოდ გადაძალვა, შეწყვეტა და მთელი კაცობრიობისათვის მზეგრძელ დღესასწაულად გადაქცევა დედამიწის ამ ნაწილს ისევ თაურ ედემად აქცევს.

ქრისტე-მაცხოვრის მიერ საფუძველდებული აღმოსავლისა და დასავლის სულიერი ქორწილის ტრადიციის ბრწყინვალე გაგრძელებას წარმოადგენდა გელათის აკადემიის იდეალი, სადაც მეორე იერუსალიმისა და კიდევ უფრო ამაღლებული სხვა ათენის ურთიერთზიარების პირმშოდ შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” მოგვევლინა. ეს კი საპასუხისმგებლო და ხელისხელსაგოგმანებელი მემკვიდრეობაა.

კავკასიელებმა რომ შევძლოთ ზემოთხსენებული ღვთიური სასწაულის მოხდენა, უპირველესად, ჩვენი და კავკასიელი ხალხების გულები სიყვარულითსავსე მზედ უნდა ავიბრიალოთ. სიყვარული კი სრულია და საკუთარ თავში უამრავი განძის დამტევია.

საქართველოს სულიერი მისიაც სხვა არაფერია, თუ არა ამ საკაცობრიო ზეიმისაკენ მოწოდება.

Written by georgianeli

თებერვალი 7, 2011 at 1:06 AM

Posted in უკატეგორიო

Tagged with , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,