კონსტანტინე (კოკა) ვეკუა : მოზაიკები

Just another WordPress.com weblog

Posts Tagged ‘მაცხოვარი

ქრისტეს გზა და ბარაბას გზა

leave a comment »

ზეციური საქართველო გაცილებით უფრო მრავალრიცხოვანი და ძლიერია, ვიდრე მიწიერი. და პირველი იმდენად უფრო დიდი წონის მქონეა, რომ საქართველოს ვერანაირი ისტორიული ქარიშხალი ვერ მოერევა, თუკი ქართველი ერი ყოველდღიურად საქმით შეუერთდება უფლის მადიდებელი ზეციური ივერიის სულისკვეთებას.

ასევე, კარგი იქნება, თითოეულმა ქართველმა გავითავისოთ და გვახსოვდეს, რომ ჩვენ განუწყვეტლივ ვშორდებით ამ საფუძველს, თუკი ინდივიდუალურ, საზოგადოებრივ, ეროვნულ და საკაცობრიო დონეზე ჩვენი პასიური, თუ აქტიური ძალისხმევით ხელს ვუწყობთ, წარვმართავთ და ვამრავლებთ გათიშულობის, აყალ-მაყალის, კბილთა ღრჭენისა და დაქსაქსულობის დესტრუქციულ პრაქსისს, რაც დანაშაული და კრიმინალური მიდგომაა როგორც საკუთარი თავის, ასევე ერთმანეთის, საზოგადოების, ერისა და მთლიანად ადამის მოდგმის წინაშე. ნებისმიერი მსგავსი გამოვლინება, თუ მისი ნებაზე მიშვება, თუნდაც სიკეთისა და სამართლიანობის ნიღბით იქნეს მოწოდებული, ბარაბას გზაზე შედგომის უტყუარი ნიშანი და საზომია. შესაბამისად, ასეთი ერისთვის ღვთის მოწყალების დაუმსახურებელი მიღება გაუცნობიერებელი თავხედობა და ამპარტავნებაა.

ამიტომ, სანამ საკუთარ თავზე არ ავმაღლდებით და სიყვარულის სიკეთეს არ გავამარჯვებინებთ ჩვენში (მხოლოდ ღირსების, სამართლიანობის, ვაჟკაცობის სიკეთე არ კმარა და სიყვარულის გარეშე ძალიან ცოტა ფასი აქვს თითოეულ მათგანს. მსგავსი სათნოებები წარმართებსაც კი ჰქონდათ და თუ ამ დონეზე დავრჩით, მათგან რით განვირჩევით? მაშ, გამოდის, რომ ხშირ შემთხვევაში, პაგანური ეპოქის ადამიანები ზნეობრივად უფრო წინ იყვნენ, ვიდრე თანამედროვენი; მაგრამ ახალი აღთქმის ადამიანი ქრისტემ სწორედაც მიტომ აიყვანა თავისი განვითარების უფრო მაღალ ხარისხზე, რომ უფრო დიდი სათნოება, სიყვარული დაუსახა კანონად, რაც ამავე დროს ყველა წინარე სათნოებასაც მოიცავს, მათზე ერთიანად აღმატებულიცაა და არ წარმოადგენს მხოლოდ და მუდმივად “შენი ჭირიმე-შენ გენაცვალე”-ს თავზე რბილ ხელის გადასმას. როცა საჭიროა, სიმართლის ძალით მაცხოვარმა მათრახით გამორეკა ტაძრიდან ქვაბავაზაკნი, რაც გაკეთდა არა ადამიანის სიძულვილით, არამედ მისი სიყვარულის საფუძველზე), მანამდე ღირსი ვართ იმ განსაცდელის, რაც სწორედ ამ დანაკლისისა და მისგან იმუნიტეტის გამოსამუშავებლად მოგვივლინა ღმერთმა. არც მოგვეშვება და არ მოგვცემს საშველს, სანამ ნემსის ყუნწში არ გამოგვატარებს და უჟანგავი ხალიბური ფოლადივით მტკიცე სიყვარულის გზაზე არ შეგვაყენებს. ან გავქრებით და ან ქრისტესმიერი სიყვარულით ავბრიალდებით. ან ქრისტეს გზა და ან ბარაბას გზა. რამდენი ათასწლეულიც არ უნდა გავიდეს, სხვა ისტორიული და უკეთესი არჩევანი არც ჩვენ გვაქვს და არც კაცობრიობას. ზნეობრივი და სულიერი პრინციპები მუდამჟამს იქნება კაცთა და ადამის მოდგმის განვითარების ყველაზე უთანამედროესი მაჩვენებელი და მახასიათებელი.