კონსტანტინე (კოკა) ვეკუა : მოზაიკები

Just another WordPress.com weblog

სიყვარული და სულგრძელება

leave a comment »

წლები გადიან.
საუკუნეები საუკუნეებს მისდევენ.
ადამიანი და კაცობრიობა უფრო და უფრო ეფლობა ცოდვის ჭაობში და ადრინდელთან შედარებით მეტად დაცემული ხდება.
შესაბამისად, რაც უფრო ცოდვით მძიმდება ადამიანი და შორდება ღვთიურ მადლს, მით უფრო მახინჯდება მისი ცნობიერება და მით უფრო აკლდება ნათელი ამ უკანასკნელს.
ცოდვით დასნეულებულ გულსა და გონებას კი, რა თქმა უნდა, სულიერი ფრთები აკლია და ციდან ვარსკვლავებს ვერ მოწყვიტავს.
რას ნიშნავს ეს?
იმას, რომ უკეთეს შემთხვევაში, მსგავსმა ადამიანებმა შეიძლება მომხიბვლელი სილამაზით გადმოსცენ ისეთი სიტყვები, რომელთა შინაარსიც სინამდვილეში ბუნდოვანი, ან სულაც, დაბალი  შეგნებისაა; ამ მომხიბვლელ სილამაზეს სიმართლის ნაწილიც გაურიონ და…. ლამაზი ფრაზაც მზადაა.
მაგრამ ვეკითხებით კი საკუთარ თავს: ლამაზი ფრაზა შეიძლება იყოს ჭეშმარიტი, მშვენიერი და ბრძნული? განა ყველა ლამაზ ფრაზას ბრმად უნდა ვენდოთ?
ჯერ ლაო-ძი გავიხსენოთ:

“ლამაზი სიტყვა არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ისევე, როგორც ჭეშმარიტი სიტყვა არ შეიძლება იყოს ლამაზი”…

ნუთუ სულელი იყო ყველა დროის ეს ერთ-ერთი უდიდესი ბრძენი?

არა… აქ სხვა რამე ხდება…
ჭეშმარიტია მშვენიერი, რადგან მშვენიერი სიტყვა სიმართლის განსახიერებაა, ლამაზი სიტყვა კი მაცდურია და ყურსა და თვალს უფრო ბანგავს და აბლაგვებს, ვიდრე აფხიზლებს და აკაშკაშებს.
ყოველმა კეთილგონიერმა ადამიანმა იცის, რომ სილამაზე ხორციელია და წარმავალი, მშვენიერება კი-სულიერი და მარადიული.
კეთილგონიერმა ისიც იცის, რომ მიუხედავად სილამაზის სასიამოვნოობისა, მშვენიერება უფრო მეტია და მთავარი.
დღესდღეობით საკმაოდ ხშირად შევხვდებით ლამაზად შეფუთულ და მომხიბვლელი სახით გადმოცემულ ისეთ ბანალური შინაარსის სიტყვათა ნაკრებს, როგორიცაა: “სიყვარულზე უფრო მეტი მხოლოდ მოთმინება შეიძლება იყოს“.
რამ შეიძლება ათქმევინოს ადამიანს მსგავსი რამ?
ერთადერთი, უფრო ცხოვრებაში მიღებული ტკივილის დაძლევისა და დაჭრილი სულის დაურვების სურვილმა.
ხომ ლამაზია ერთი შეხედვით? თითქოს ჭკვიანურიც. იქნებ ბრძნულიც.
მაგრამ, მოდით, კარგად ჩავუღრმავდეთ მსგავსი მარგალიტების ნამდვილ არსს, რომელთა დარსაც უხვად შეიძლება შევხვდეთ ირგვლივ.
პირველი, რასაც იმთავითვე იკითხავს ბრძენი ადამიანი, შემდეგია: განა სიყვარულზე უფრო მთავარი არის რაიმე? და ეს იქნება უზომოდ მართებული კითხვა, რომელზეც ჭკვათამყოფელს ერთადერთი პასუხი ექნება: რა თქმა უნდა, არა.
მაშ, თუ სიყვარულია ყველაზე მთავარი, ესე იგი, მასთან მიმართებით მოთმინების უკეთესობა, თუ უარესობა დღის წესრიგიდან იხსნება და უადგილო ნონსენსია. ანუ საკითხი სხვანაირადაა დასასმელი.
ამიტომ, ნუ დაგვავიწყდება (თუ არ ვიცით, მოვიძიოთ) და გავიხსენოთ, თუ რამხელა და რაოდენ უდრეკ ჭეშმარიტებას გვეუბნება ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მისაბაძი პიროვნება, წმინდა პავლე მოციქული:

1. კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი.

2. წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ.

3. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია.

4. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს;

5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს;

6. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს;

7. ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს.

8. სიყვარული არასოდეს არ გადავა, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა.

9. რადგან ჩვენ ნაწილობრივ ვიცით, ნაწილობრივ კი წინასწარვმეტყველებთ.

10. ხოლო როდესაც მოიწევა სრულქმნილება, მაშინ განქარდება ნაწილობრივი.

11. როდესაც ვიყავი ყრმა, ვიტყოდი, როგორც ყრმა, ვფიქრობდი, როგორც ყრმა, ვმსჯელობდი, როგორც ყრმა; ხოლო როდესაც დავკაცდი, ზურგი ვაქციე ყოველივე ყრმობისდროინდელს.

12. რადგანაც ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ; ახლა ნაწილობრივ ვიცი, ხოლო მაშინ შევიცნობ, როგორც თავად შევიმეცნები.

13. ჯერჯერობით კი ეს სამია: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული; ხოლო ამათში უმეტესი სიყვარულია (კორ I, 1-13).

მაშ, ბრძენი ადამიანის ცხოვრებაში უმთავრესი სიყვარული ყოფილა. სხვაგვარად ვერც იქნება, რადგან ასეთმა ადამიანმა კარგად უწყის, რომ სიყვარულის გარეშე ჩვენს სიცოცხლეს აზრი არ აქვს, რომ მის გარეშე ნებისმიერი წარმატებაც კი არარაობაა საბოლოო ჯამში და რომ იგია ყოველი სიკეთის თავი და თავი. თვით ღმერთია სიყვარული და მიტომ. მის გარეშე კი ადამიანის სული ისევე ჭკნება, როგორც ყვავილი გვალვისაგან.

ვისაც უყვარს, მას მოთმინებაც გააჩნია, ანუ სიყვარული საკუთარ თავში მოთმინებასაც მოიცავს და სხვა უამრავ სიკეთესაც. შესაბამისად, როგორ შეიძლება იყოს ნაწილი მთელზე მეტი, თუკი მთელში სხვა კიდევ უამრავი მსგავსი მარგალიტის სიუხვეა?

ვინც ცხადად ხედავს ამ ჭეშმარიტებას, მის თვალთახედვაში ყველაფერი თავის ადგილას ლაგდება. ასეთი ადამიანისათვის კი ნათელი ხდება ისიც, რომ მოთმინება სიყვარულზე მეტი არაა და ისიც, რომ იგი სიყვარულის ერთ-ერთი საუკეთესო და მტკიცე მეგობარია.

ქრისტიანული მოთმინება მონური მოთმინებისაგან იმით განსხვავდება, რომ იგი სულიერად ხელმწიფური სიმაღლის კაცთა და ღვთისგან მომადლებულთა თვისებაა. ზოგადად კი, მოთმინება სიყვარულის ბრწყინვალე ხის ერთ-ერთი უმშვენიერესი ნაყოფია

ამიტომ, მოდით, აჯობებს, ყური ვუგდოთ ყველა დროის ფასდაუდებელ ჭეშმარიტებებსა და ბრძენკაცთ (თუნდაც, ერთი შეხედვით ძნელი, უსიამოვნო და მკაცრი გვეჩვენონ მათი შეგონებები), ვიდრე მივყვეთ ბანალური ცნობიერების ადამიანებისაგან წამოსროლილ, მარტივად სასიამოვნო ჟღერადობის მქონე იაფ და მომხიბვლელ სილამაზით გაწყობილ ფრაზებს. ერთბაშად ნუ ავმსუბუქდებით და ნუ მივყვებით იმას, რამაც შესაძლოა ყურთასმენა და გონება მოგვტაცოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, დაგვღუპოს, ან აგვაცდინოს ჭეშმარიტების გზას. ვიყოთ კეთილგონიერნი, სულით ფხიზელნი და ბრძენნი, რათა ერთმანეთისაგან განვაცალკევოთ ბაჯაღლო მშვენიერება და საწამლავგარეული სილამაზე, თეთრი და შავი, სიკეთე და ბოროტება, ნათელი და მაცდური, სიბრძნე და სისულელე.

შეიძლება მოგვიძულონ სიმართლისათვის, მაგრამ მუდამჟამს სჯობს გადმოვცეთ იგი, ვიდრე დავდუმდეთ, ან ვეპირფეროთ. ჭეშმარიტება და მისი თქმა იქ, სადაც დუმილიც და პირფერობაც საშიშია და დამღუპველ შედეგებამდე მიმყვანი, ღალატი და მტრობაა როგორც საყვარელი ადამიანის, ასევე საკუთარი თავისა და ღმერთის წინაშე. ხოლო ვინც კეთილგონიერია, ხარობს და მდიდარია პირდაპირმთქმელი, საშიშროების დამნახავი, მისგან გამრიდებელი და დამცველი მეგობრით.

და ბოლოს:

“მოთმინება მოლოდინის თვისება კი არა, კეთილქმედებით მოლოდინის თვისებაა”

Written by georgianeli

October 27, 2012 at 12:37 am

Posted in Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: