კონსტანტინე (კოკა) ვეკუა : მოზაიკები

Just another WordPress.com weblog

ძალაუფლება და ძალადობა

leave a comment »


ძლიერება და ძალაუფლება სიყვარულსა და სიკეთეს გააჩნიათ, ბოროტება კი სუსტია და საკუთარი არსებობასმოკლებული ბუნების გამო თავის შინაგან სიცარიელეს ძალადობით ავსებს.

ყველაზე უბრალო მაგალითი: წარმოიდგინეთ – მეგობრები მაგიდის სხვა და სხვა კიდეს უსხედან. ერთთან უფრო ახლოს დგას წყლით სავსე დოქი. მეორეს სწყურია და სთხოვს, ეუბნება მეგობარს, რომ მიაწოდოს იგი. ისიც, აწვდის.

ხომ სადა სიტყვებია და უუბრალოესი ჟესტი, საქციელი? მაგრამ ამ სიტყვას აქვს თავისი ძალა, რომელიც დამყარებულია ურთიერთპატივისცემაზე და ერთმანეთს შორის წარმოშობილ კეთილგანწყობაზე, კეთილ ურთიერთობაზე, ე.ი. ერთმანეთს შორის მეგობრობის სახით მოქმედებს სიკეთე, სიყვარული. შესაბამისად, ურთიერთდამოკიდებულება ვაკუუმისგან კი არ შედგება, არამედ აი, ასეთი განძითა და ფასეულობითაა სავსე. ანუ სიტყვა, ქმედება ძლიერი და ქმედითია მაშინ, როცა შინაგანადაა გავსებული სიკეთით, სიყვარულით, მეგობრობით. და მაშინ ნებისმიერი ქმედება ნებაყოფლობითია, ბუნებრივია, თავისთავადია, სპონტანური. იგივე შეიძლება ითქვას ადამიანზეც: რომ ჭეშმარიტად ძლიერია, შემოქმედია, კეთ-ილია (გამომდინარე ზმნიდან კეთება; აქედან სი-კეთ-ე. ისევ და ისევ გენიალური შინაარსის მქონე ქართული სიტყვა-მარგალიტები) და თავის წილ საკეთებელს ახორციელებს მაშინ, როდესაც შინაგანადაა სავსე ამ ყოველთა მიზეზით. მართლაც, სიცოცხლე, არსებობა, ყოფიერება და სულიერი ცხოვრება სიკეთისა და სიყვარულის მიერ მოდის მოძრაობაში. მას აქვს ის სასწაულებრივი ძალა, რომ ყოველივე გარდასახოს, გარდაქმნას, გარდაცვალოს. სიყვარული და სიკეთე კი სხვა არაფერია, თუ არა თვითონ ღმერთი. მაშ, როცა ღმერთითაა სავსე ადამიანი, სასწაულებს სჩადის. აქ ადამის ძე წმინდა სამების ქნარი ხდება, ღმერთის კალამი, საჭრეთელი, ორძალი.

ახლა წარმოიდგინეთ იგივე სურათი, ოღონდ ისეთ ადამიანებს შორის, რომლებიც არაკეთილგანწყობილნი არიან ერთმანეთის მიმართ. ერთს რომ სწყუროდეს და უთხრას მეორეს წყლის მოწოდება, ის პიროვნება არ დაუკმაყოფილებს სურვილს, რადგან მათ შორის უთანხმოებაა, უსიამოვნება-ერთი სიტყვით, აქ ბოროტების მეტ-ნაკლებ გამოვლინებასთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, ნათქვამ სიტყვას არ ექნება ძალა, იქნება სუსტი, უძლური. ამ შემთხვევაში, მწყურვალმა ადამიანმა რომ მაინც გაატაროს თავისი და მიიღოს სასურველი, ძალადობა უნდა იხმაროს. თუ მეორეს შეეშინდა და უძლურია, დაექვემდებარება პირველის მოძალადე ნებას. თუ არა, ატყდება კონფლიქტი. ანუ იქ, სადაც ყოველგვარი უკეთურობაა ადამიანებს შორის, სიტყვები და ქმედებები ან უძლურები არიან და არაფერ შედეგს არ მოიტანენ, ანაც ძალადობით ხორციელდებიან, ე.ი. სახეზე გვაქვს კიდევ ერთი ბოროტება, რადგან ამ დროს ადამიანებს შორის სუფევს არა კეთილგანწყობა, სიკეთე, სიყვარული, არამედ შიში, ძალადობა, მონობა, სიმდაბლე, უკეთურება.

გავიხსენოთ ჩვენი პოეტების სიტყვები, რომლებიც ძალაუფლების წარმომავლობისა და ამხსნელ შინაარსს ატარებენ:

შოთა რუსთაველი

“ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”

აკაკი წერეთელი

“უსამართლო ძლიერებას საუკუნო არ აქვს ძალი,
უძლეველი საბოლოოდ არის მხოლოდ სამართალი”.

ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ ადამიანთაშორის ურთიერთობებში ძალაუფლებას კონსენსუალური ხასიათი აქვს, ანუ ადამიანებს შორის შეთანხმების საშუალებით იბადება, რასაც ემყარება კიდეც ლეგიტიმურობის ცნება. სწორედ, ამ ცნებას გამოხატავს გამოთქმა: “ხმა ერისა-ხმა ღვთისა”.

თუმცა, იგივე ცნებას მოდით, შევხედოთ სხვა მხრიდანაც: თუკი ადამიანთაშორის შეთანხმება მოხდა ისეთი საკითხის ირგვლივ, რომელიც ბოროტება უფროა და მრავალი უბედურების გამოწვევა შეუძლია, გამოდის, რომ ერი გაერთიანებულია ბოროტი იდეის ირგვლივ. მაგალითისათვის, უახლეს ისტორიაში ასეთ მოვლენებს წარმოადგენდნენ ფაშიზმი და ნაციზმი, ხოლო დღესდღეობით შეიძლება გახდეს არასწორად გაგებული და დამახინჯებული სარწმუნოებისგან დაბადებული ობსკურანტიზმი. ასეთ შემთხვევაში საზოგადოება კია გაერთიანებული და წარმოქმნის გარკვეულ ძალას, სადაც მიღწეული კონსენსუსით ხდება ბოროტებისა და უკეთურების ლეგიტიმაცია, მაგრამ მაშინ ასეთი შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ძალა ვერ გახდება ძალაუფლება, არამედ იქცევა ძალადობად. ძალადობა კი პიროვნების უმეცრებისა (შინაგანი თავისუფლების დაბალი ხარისხის ერთ-ერთი უმთავრესი გამოვლინება) და ადამიანთაშორის თავისუფლების შეზღუდულობის პირდაპირპროპორციულია. ამად, შეცდომაა საზოგადოების ყველანაირი ერთობა აპრიორი უპირობო სიკეთედ იქნას მიჩნეული.

ძალაუფლება ჭეშმარიტებას, სიმართლეს, სიკეთეს გააჩნია, ბოროტება და სიცრუე კი თვითდამკვიდრებისათვის ძალადობას საჭიროებს.

ძალაუფლების ყველაზე ამაღლებული სახეა ხელმწიფება (მწიფე, ანუ კეთილი შედეგებით), ძალადობის უკიდურესი ფორმა კი ტირანია.

Written by georgianeli

April 1, 2011 at 1:42 am

Posted in Uncategorized

Tagged with , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: