“ეროვნება არა აქვს ცხოველს”
ეს გენიალური და ღრმააზროვანი ფორმულა აქვს დატოვებული ბატონ ზვიად გამსახურდიას.
ყველა, ვინც თავის ერს ემსახურება ისე, რომ სხვა ერებს არ ვნებს და მათთან მიმართებითაც სიკეთისმომტანია, მით უფრო ეროვნულია ასეთი პიროვნება და მით უფრო კაცია იგი.
საკუთარი ერისადმი მსახურება ისე, რომ მიზნად ისახავდეს სხვა ერისათვის ზიანის მოტანას, ეს უკვე არაა ეროვნულობა. შოვინიზმია. მთლად უარესი, როცა მშობელ ერს მტრობენ (ცხადად, თუ შეფარვით), აქაოდა სხვა ერს ვემსახურებით, ან მაღალ იდეალებსო-არც ესაა ეროვნულობა, არამედ მაღალ იდეალებს ამოფარებულ ტყუილსა და ბოროტებას წარმოადგენს.
არიან ისეთებიც, რომლებიც არცერთ ერს არ ემსახურებიან და მხოლოდ თავიანთი ეგოიზმით ხელმძღვანელობენ. ყველაფრის ცენტრად საკუთარი თავი წარმოუდგენიათ და მისთვის სიამოვნების მინიჭებას ანაცვალებენ თავიანთ ცხოვრებას.
და მაშინ, ყველა ამ ნეგატიურ შემთხვევაში, ასეთები კაცები კი არ არიან, არამედ ცხოველის დონეზე იმყოფებიან. ადამიანობის ხარისხსაც კი ვერ აღწევენ, რომელიც ცხოველსა და კაცს შორისაა. სამწუხაროდ, კაცობრიობა ზოგადად და სულიერი გაგებით, ჯერ კიდევ დაბალ საფეხურზე იმყოფება. შეიძლება ითქვას, სულიერი გაბარბაროსება საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა.
ეროვნება და ეროვნულობა კაცობის ხარისხიცაა, რადგან სულიერად და კულტურულად განსაზღვრავს კაცთა შინაგანი განვითარების სიმაღლეს
ძალაუფლება და ძალადობა

ძლიერება და ძალაუფლება სიყვარულსა და სიკეთეს გააჩნიათ, ბოროტება კი სუსტია და საკუთარი არსებობასმოკლებული ბუნების გამო თავის შინაგან სიცარიელეს ძალადობით ავსებს.
ყველაზე უბრალო მაგალითი: წარმოიდგინეთ – მეგობრები მაგიდის სხვა და სხვა კიდეს უსხედან. ერთთან უფრო ახლოს დგას წყლით სავსე დოქი. მეორეს სწყურია და სთხოვს, ეუბნება მეგობარს, რომ მიაწოდოს იგი. ისიც, აწვდის.
ხომ სადა სიტყვებია და უუბრალოესი ჟესტი, საქციელი? მაგრამ ამ სიტყვას აქვს თავისი ძალა, რომელიც დამყარებულია ურთიერთპატივისცემაზე და ერთმანეთს შორის წარმოშობილ კეთილგანწყობაზე, კეთილ ურთიერთობაზე, ე.ი. ერთმანეთს შორის მეგობრობის სახით მოქმედებს სიკეთე, სიყვარული. შესაბამისად, ურთიერთდამოკიდებულება ვაკუუმისგან კი არ შედგება, არამედ აი, ასეთი განძითა და ფასეულობითაა სავსე. ანუ სიტყვა, ქმედება ძლიერი და ქმედითია მაშინ, როცა შინაგანადაა გავსებული სიკეთით, სიყვარულით, მეგობრობით. და მაშინ ნებისმიერი ქმედება ნებაყოფლობითია, ბუნებრივია, თავისთავადია, სპონტანური. იგივე შეიძლება ითქვას ადამიანზეც: რომ ჭეშმარიტად ძლიერია, შემოქმედია, კეთ-ილია (გამომდინარე ზმნიდან კეთება; აქედან სი-კეთ-ე. ისევ და ისევ გენიალური შინაარსის მქონე ქართული სიტყვა-მარგალიტები) და თავის წილ საკეთებელს ახორციელებს მაშინ, როდესაც შინაგანადაა სავსე ამ ყოველთა მიზეზით. მართლაც, სიცოცხლე, არსებობა, ყოფიერება და სულიერი ცხოვრება სიკეთისა და სიყვარულის მიერ მოდის მოძრაობაში. მას აქვს ის სასწაულებრივი ძალა, რომ ყოველივე გარდასახოს, გარდაქმნას, გარდაცვალოს. სიყვარული და სიკეთე კი სხვა არაფერია, თუ არა თვითონ ღმერთი. მაშ, როცა ღმერთითაა სავსე ადამიანი, სასწაულებს სჩადის. აქ ადამის ძე წმინდა სამების ქნარი ხდება, ღმერთის კალამი, საჭრეთელი, ორძალი.
ახლა წარმოიდგინეთ იგივე სურათი, ოღონდ ისეთ ადამიანებს შორის, რომლებიც არაკეთილგანწყობილნი არიან ერთმანეთის მიმართ. ერთს რომ სწყუროდეს და უთხრას მეორეს წყლის მოწოდება, ის პიროვნება არ დაუკმაყოფილებს სურვილს, რადგან მათ შორის უთანხმოებაა, უსიამოვნება-ერთი სიტყვით, აქ ბოროტების მეტ-ნაკლებ გამოვლინებასთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, ნათქვამ სიტყვას არ ექნება ძალა, იქნება სუსტი, უძლური. ამ შემთხვევაში, მწყურვალმა ადამიანმა რომ მაინც გაატაროს თავისი და მიიღოს სასურველი, ძალადობა უნდა იხმაროს. თუ მეორეს შეეშინდა და უძლურია, დაექვემდებარება პირველის მოძალადე ნებას. თუ არა, ატყდება კონფლიქტი. ანუ იქ, სადაც ყოველგვარი უკეთურობაა ადამიანებს შორის, სიტყვები და ქმედებები ან უძლურები არიან და არაფერ შედეგს არ მოიტანენ, ანაც ძალადობით ხორციელდებიან, ე.ი. სახეზე გვაქვს კიდევ ერთი ბოროტება, რადგან ამ დროს ადამიანებს შორის სუფევს არა კეთილგანწყობა, სიკეთე, სიყვარული, არამედ შიში, ძალადობა, მონობა, სიმდაბლე, უკეთურება.
გავიხსენოთ ჩვენი პოეტების სიტყვები, რომლებიც ძალაუფლების წარმომავლობისა და ამხსნელ შინაარსს ატარებენ:
შოთა რუსთაველი
“ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”
აკაკი წერეთელი
“უსამართლო ძლიერებას საუკუნო არ აქვს ძალი,
უძლეველი საბოლოოდ არის მხოლოდ სამართალი”.
ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ ადამიანთაშორის ურთიერთობებში ძალაუფლებას კონსენსუალური ხასიათი აქვს, ანუ ადამიანებს შორის შეთანხმების საშუალებით იბადება, რასაც ემყარება კიდეც ლეგიტიმურობის ცნება. სწორედ, ამ ცნებას გამოხატავს გამოთქმა: “ხმა ერისა-ხმა ღვთისა”.
თუმცა, იგივე ცნებას მოდით, შევხედოთ სხვა მხრიდანაც: თუკი ადამიანთაშორის შეთანხმება მოხდა ისეთი საკითხის ირგვლივ, რომელიც ბოროტება უფროა და მრავალი უბედურების გამოწვევა შეუძლია, გამოდის, რომ ერი გაერთიანებულია ბოროტი იდეის ირგვლივ. მაგალითისათვის, უახლეს ისტორიაში ასეთ მოვლენებს წარმოადგენდნენ ფაშიზმი და ნაციზმი, ხოლო დღესდღეობით შეიძლება გახდეს არასწორად გაგებული და დამახინჯებული სარწმუნოებისგან დაბადებული ობსკურანტიზმი. ასეთ შემთხვევაში საზოგადოება კია გაერთიანებული და წარმოქმნის გარკვეულ ძალას, სადაც მიღწეული კონსენსუსით ხდება ბოროტებისა და უკეთურების ლეგიტიმაცია, მაგრამ მაშინ ასეთი შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ძალა ვერ გახდება ძალაუფლება, არამედ იქცევა ძალადობად. ძალადობა კი პიროვნების უმეცრებისა (შინაგანი თავისუფლების დაბალი ხარისხის ერთ-ერთი უმთავრესი გამოვლინება) და ადამიანთაშორის თავისუფლების შეზღუდულობის პირდაპირპროპორციულია. ამად, შეცდომაა საზოგადოების ყველანაირი ერთობა აპრიორი უპირობო სიკეთედ იქნას მიჩნეული.
ძალაუფლება ჭეშმარიტებას, სიმართლეს, სიკეთეს გააჩნია, ბოროტება და სიცრუე კი თვითდამკვიდრებისათვის ძალადობას საჭიროებს.
ძალაუფლების ყველაზე ამაღლებული სახეა ხელმწიფება (მწიფე, ანუ კეთილი შედეგებით), ძალადობის უკიდურესი ფორმა კი ტირანია.
Ex Oriente Lux in Caucasus
აღმოსავალი სიყვარულია, დასავალი – გონება.
აღმოსავალი მიამიტია და ბრძენი, დასავალი კი – მწიფე და ცნობიერი.
აღმოსავალი ქმნაა, დასავლეთი – ჭვრეტა/ფიქრი.
აღმოსავალი მთლიანობაა, დასავალი კი – განკერძოება.
აღმოსავალი პიროვნული ერთობაა, დასავალი კი – ატომიზირებული ინდივიდუალობა.
აღმოსავალი სულიერებაა, დასავალი – ზნეობა.
აღმოსავალი ცხოვრებაა, დასავალი კი – ცოდნა სიცოცხლეზე.
აღმოსავალი უსაზვღროების სისავსეა, დასავალი კი – უსასრულობის ნაწილი.
აღმოსავალი ზრდილობაა, დასავალი – თავაზიანობა.
აღმოსავალი მარტოობაშიც მეგობრობაა, დასავალი – მარტოსულობაში ჩაფლვა.
აღმოსავალი დინამიური უძრაობაა, დასავალი – სტატიური მოძრაობა.
აღმოსავალი შინაგანი სიმდიდრეა, დასავლეთი – გარეგნული ბარაქა.
აღმოსავალი არსებობის გულისგულში მყოფობს, დასავალი – საწყისს მოწყვეტილი მოგზაურობაა.
აღმოსავალი სიცოცხლის განგებაა, დასავალი – აჩრდილადმქცევი ბედისწერა.
აღმოსავალი ემპათიაა, დასავალი – მზერა.
აღმოსავალი ცოცხლად აფერადებული გრძნობების ფუგაა, დასავალი კი – აზროვნებითი სიმფონია.
აღმოსავალი გულისმიერი სითბოა, დასავალი – რაციონალური სიცივე.
აღმოსავალი უდაბნოშიც უკვდავების ოაზისია, დასავალი კი – სიცოცხლითსავსე ბუნების ხენეში გაუდაბნოება.
აღმოსავალი ზეციური წვიმაა, ზეგარდამონაწყალობევი მანანა, დასავალი კი – ციური წყალობისაგან დამოუკიდებლობა.
აღმოსავალი მზიურ პლაზმურობას შერწყმული ხალიბური ფოლადის სიმტკიცეა, დასავალი – ხისტი ელასტიურობა.
აღმოსავალი ედემია, დასავალი კი – სამოთხეგანვარდნილი უძღებობა.
აღმოსავალი გათავისუფლებული პრომეთეა, დასავალი – ეპიმეთეური დაქვემდებარება.
აღმოსავალია Fides, დასავალი – Ratio.
აღმოსავალი მაცოცხლებელი გამოცდილებაა, დასავალი – ტექნიკური პრაქსისი.
აღმოსავალი თვითონ ენაა, დასავალი კი – გრამატიკა.
აღმოსავალი თვითონ ყოფიერებაა, დასავალი კი – მეთოდი ყოფიერების შესახებ.
აღმოსავლის რაობა საყვარელ ადამიანთან ერთად სიცოცხლის პოეზიის შემოქმედებას მიაგავს, დასავლისა კი – სატრფოსაგან მოშორებით მასზე ლექსის წერას.
აღმოსავლეთი შიგნით მყოფობაა, დასავლეთი კი – გარეშემოვლა.
აღმოსავალი ყველაფერია, დასავალი – რაღაც.
აღმოსავალი შერწყმაა, დასავალი – დაცალცალკევება.
აღმოსავალი პარადოქსების ერთიანობაა, დასავალი კი – ორ, ან მრავალპოლუსიანი სინამდვილე.
აღმოსავალი ცე-ცხლ-ია (გრიგოლ რობაქიძის მიერ სიცო-ცხლ-ესთან ნიშანდობლივად დაკავშირებული), დასავალი კი – შუქია.
აღმოსავალი გარდაცვალება და აღდგომაა, დასავალი – შემეცნება.
აღმოსავალი მარადიულობაა, დასავალი კი – წესრიგი.
აღმოსავალი შეგრძნებაა, გათავისება, დასავალი – მოწონება.
აღმოსავალი ცხოვრებადქცეული, გაცოცხლებული ხელოვნებაა, დასავალი კი – ხელოვნება ხელოვნებისათვის.
აღმოსავალი შემოქმედებაა, დასავალი – მეცნიერება (პოლ ფოიერაბენდის მიერ მითითებული თეორიული პრაქსისის გაგებით).
აღმოსავალი მიზნის ყოველდღიური განხორციელებაა, დასავალი კი – მიზნისკენ სწრაფვა.
აღმოსავალი სრულქმნაა, დასავალი კი – პროგრესი.
აღმოსავალსა და დასავალს შორის ხიდად ოდენ ლოგოსის, სიტყვის სამეფოა გადებული.
აღმოსავლეთი და დასავლეთი გეოკულტურული სისრულით ერთმანეთს მხოლოდ კავკასიაში ხვდება.
დღესამომდე არ მომხდარა მათი ქორწილი, რაც ოდენ ერთისა და მეორის ურთიერთცნობით დაიწყება და ორივეს გასულიერებით თუ იქნება შესაძლებელი. პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ამ მიმართულებით ქრისტე-მაცხოვარმა გადადგა, როცა მოახდინა ორთავეს სულიერ განზომილებაში მისტიური შეხვედრა. მანამდე ეს თვით ალექსანდრე მაკედონელმაც ვერ შესძლო, რომელიც ძალით შეეცადა აღმოსავლეთისა და დასავლეთის შერწყმას. ზემოთქმული ეკუთვნის აღმოსავლისა და დასავლის სულიერი გეოგრაფიის განზომილებას.
კავკასიელ ხალხებს თავიანთი მრავალათასწლოვანი არსებობის განმავლობაში გააჩნდათ და გააჩნიათ უნიკალური შესაძლებლობა, იტვირთონ ამ მისიის განხორციელების საკაცობრიო მნიშვნელობის საქმე. საამისოდ უმთავრესია თავის-უფლება, რომლის საფუძველსაც, პირველ რიგში, წარმოადგენს საკუთარი იდენტურობის ღრმად შეცნობა და მხოლოდ მოცემული რეგიონისათვის დამახასიათებელი გეოკულტურული მოწოდების სისრულეში მოყვანა. დასავლეთისა და აღმოსავლეთის შერკინებისაგან წარმოქმნილი კავკასიური ჯოჯოხეთის ერთჯერ და სამუდამოდ გადაძალვა, შეწყვეტა და მთელი კაცობრიობისათვის მზეგრძელ დღესასწაულად გადაქცევა დედამიწის ამ ნაწილს ისევ თაურ ედემად აქცევს.
ქრისტე-მაცხოვრის მიერ საფუძველდებული აღმოსავლისა და დასავლის სულიერი ქორწილის ტრადიციის ბრწყინვალე გაგრძელებას წარმოადგენდა გელათის აკადემიის იდეალი, სადაც მეორე იერუსალიმისა და კიდევ უფრო ამაღლებული სხვა ათენის ურთიერთზიარების პირმშოდ შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” მოგვევლინა. ეს კი საპასუხისმგებლო და ხელისხელსაგოგმანებელი მემკვიდრეობაა.
კავკასიელებმა რომ შევძლოთ ზემოთხსენებული ღვთიური სასწაულის მოხდენა, უპირველესად, ჩვენი და კავკასიელი ხალხების გულები სიყვარულითსავსე მზედ უნდა ავიბრიალოთ. სიყვარული კი სრულია და საკუთარ თავში უამრავი განძის დამტევია.
საქართველოს სულიერი მისიაც სხვა არაფერია, თუ არა ამ საკაცობრიო ზეიმისაკენ მოწოდება.
როცა ადამიანი სინამდვილეა და არა აბსტრაქცია
დემონები ნიადაგ იმას ცდილობენ, ჩვენს სულიერ ხედვას დააშორონ თვითონ ადამიანი, გადაგვიკარგონ მისი განუმეორებელი მეობა, ინდივიდუალურობა. თუკი ფხიზლად ვიქნებით, საკუთარ შინაგან სამყაროში მუხლჩაუხრელად ვიღვაწებთ და იმდენი სიბრძნე გვექნება, რომ არ მივეცეთ ამ საცთურს, მაშინ არა მარტო დავამსხვრევთ ადამიანებს შორის არსებულ ეშმაკის მანქანებას, არამედ თვით უცოდვილესთან ურთიერთობის დროსაც კი შეგვეძლება მასში ბოროტების შებორკვა.
მოყვასის დანახვა (და არა ოდენ ყურება) კაცს უფრო ცხადს, უფრო ხელშესახებს გაგვიხდის და აგვარიდებს მისი აბსტრაქციად ქცევის საშიშროებას. სინამდვილე კი ის სინათლეა, რომელიც ჩვენ თვითონ გვანამდვილებს და ამრავლებს ერთმანეთში სიცოცხლის განზომილებას.
ადამიანის ადამიანისაგან დაშორებაა სიცრუის ოდენობის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი, რადგან რაც უფრო შორიდან ვხედავთ ერთმანეთს, მით უფრო ნაკლებია ურთიერთთანხვედრა და მაშინ, ასე გათითოკაცებულ საზოგადოებას გაცილებით ადვილად ეუფლება ლეგეონი. ერთმანეთს შორის გაზრდილ მანძილში ეშმაკი დგება და მიტომ; ღმერთი კი კაცთა სიყვარულით განათებულ ერთობაში მყოფობს, რადგან სხვაგვარი კრებითობა პიროვნებასუსტი ბრბო უფროა.
ამგვარად, სიბნელეს არ მივცემთ შესაძლებლობას გავრცელდეს ადამიანებს შორის ურთიერთობებში და ღვთის წყალობით თვით ადამიანში მოვსპობთ/შევამცირებთ სიავის წარმოშობა/გავრცელებას. რას გამოიწვევს სინამდვილეზე თვალახელილი გულისხედვა, თუ არა ადამიანისა და საზოგადოების სულიერ გამოჯანსაღებას?!
ბედნიერი ერი და საქართველოს სულიერი მისია
1871 წელი. ილია ჭავჭავაძე წერს ლექსს “ბედნიერი ერი”, რომელსაც სამწუხაროდ, არც დღეს დაუკარგავს თავისი აქტუალურობა:
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი – ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?
ეს კი, ბედნიერი ერის ახალი, “განვითარებული” ვერსია:
ჩილეში ლამაზი დილა გათენდა. ყველამ იცის რომ მსოფლიოში მშვიდობის დამყარება ქართველების დამსახურებაა რომელთა შიშითაც ცაზე ჩიტს ვერ გადაუფრენია და მიწაზე ხვლიკს ვერ გაურბენია. პატარა უმბერტო ელ მოლინეროს როგორც იქნა მსოფლიოს საბავშვო წიგნების ბესტსელერი, „ქართული არმია: ფეხებს ვერ მოგვჭამს ვერავინ“, მოუტანა დედიკომ. უმბიკოც დიდის გულმოდგინებით ათვალიერებს სამხედრო ფორმაში გამოწყობილ ახოვან ვაჟკაცებს და თვითონაც ქართულ არმიაში მსახურობაზე ოცნებობს. აი თავი ქართველების მიერ რუსეთში ლაშქრობის შესახებ, პირველი გვერდი ასტრახანის აღებას ეთმობა, მეორე გვერდზე წითელი მოედანი ცეცხლში გახვეულა, მესამეზე კი ის ადგილია ნაჩვენები სადაც ოდესღაც დიადი პეტერბურგი იყო ახლა კი….. აღარაფერი აღარაა. მხოლოდ გამომწვარი მიწა და შიგადაშიგ ტალახი, ისიც იმ შემთხვევაში თუ ატომურ-ტოქსიკური წვიმა კვლავ გაახარებს პეტერბურგელი მუტანტების გულებს. ათვალიერებს ამ სურათებს და ფიქრობს ქვეყანაზე, რომელიც ძალიან შორს მაგრამ ამავდროულად ძალიან ახლოსაა. თითქმის ყველა ჩილურ ოჯახშია ქართული წარმოების საყოფაცხოვრებო ტექნიკა. მაცივრები, მტვერსასრუტები, ჭურჭლისა და თეთრეულის სარეცხი მანქანები. სულ ადვილია მათი გარჩევა გერმანული წარმოების პროდუქციისგან. ქართული ტექნიკა მხოლოდ ქალის ხელს აღიარებს….მხოლოდ მანდილოსნის ხელის შეხების შემდეგ იწყებს მუშაობას. რა თქმა უნდა ! სახლის დალაგება და მოწესრიგება ხომ მხოლოდ ქალის საქმეა ! ეს კარგად იცის ყველა ქართველმა. ქართული მაღალგანვითარებული ტექნიკაც, რომლის ხელოვნური ინტელექტიც საშუალო სტატისტიკური რუსის ინტელექტის დონეს აღწევს და შიგადაშიგ უსწრებს კიდეც, მწარმოებელს ბაძავს და გენდერულ ბალანსს არ არღვევს. ხშირად გაიგონებთ მაცივრის მიერ მამაკაცური მჭახე ხმით წარმოთქმულ სიტყვებს: „ დალპა ქალო ძეხვი იყიდე რამე ახალი“, ან სარეცხი მანქანის ბრძანებას „ქალო „ნასკი“ გარეცხე !“ აი ახლაც დედიკომ ყური უგდო მტვერსასრუტის მოკრძალებულ თხოვნას, სანამ სახლი ინდიანა ჯონსის საყვარელ ჯუნგლებს დაემსგავსებოდა რამე ეღონა და საქმეს შეუდგა. უმბერტო გახარებული ათვალიერებს ფერად წიგნს, ცალი თვალით კი ქართული ფირმის, „“პიზდეც“ ტელევიზორი“ – ს მიერ გამოშვებულ LCD ტელევიზორში უყურებს მუსიკალურ შემეცნებით გადაცემას „რუსებს რააააააა ?!“ . უყურებს თუ როგორ უმღერიან ულამაზესი ქართველი ბავშვები Lady gaga – ს სიმღერას „შენ მოუკვტი შენს პატრონს“. წამყვანი აცხადებს რომ რიგშია სპეციალურად ალა პუგაჩოვასათვის შექმნილი ნაწარმოები „დაივარცხნე ქალო თმები !“, რომელსაც თავის მხრივ აწ განსვენებული მედვედევისა და პუტინისადმი მიძღვნილი სიმღერა „ორად ორი მეგობარი ორი ჯუჯა ვართ“ მოჰყვება.
ტელევიზია „კუკურუკუ TV“ ბოლო წლების განმავლობაში მონოპოლისტური ხასიათის მქონე მედიაგიგანტად იქცა და მთელს მსოფლიოს გულმოდგინედ უტარებს გამოკუკუების სეანსებს. ზემოთ ნახსენები გადაცემის გარდა მის ეთერში გადის ისეთი რეიტინგული პროგრამები როგორებიცაა „ტიტანთა ბრძოლა: ქართველი პიდარასტები მმკ-ს წინააღმდეგ“, „ჯამლეტ ხუხაშვილის საავტორო გადაცემა „მადლობა შერმადინს“, „ჩარლზ დარვინის კვალდაკვალ ანუ ჩარლი ეხლა უკვე ატრაკებ“ და ყველა დროის საუკეთესო ინტერაქტიულ შოუდ აღიარებული, ქართველი ოპრა უინფრის ტელეპროექტი „პროფილში დიდი ცხვირი ხომ არ მიჩანს?“, რომელზეც უკვე არათუ ქართველი, არამედ ჩილელი ერიც კი ცრემლებს აღვარღვარებს. მაგრამ უმბერტოს ყველაზე მეტად უყვარს ქურდული სამყაროსადმი მიძღვნილი შოუ „რა ტოოოო? საააააად ტოოოო ? როდის ტოოოოო?“. ისეთი სამხედრო პროგრამები კი როგორებიცაა „აი ეხლა ვიღაცას დაენძრა !„ და მილიტარისტული, ფეშენ არტ-შოუ „მოდა და ქართული ატომური ბომბები“, უმბერტოში,პატარა პინოჩეტს აღვიძებენ და გენოციდის მოწყობის სურვილს უღვივებენ……
აი ახლაც მოუთმენლად ელოდება საინფორმაციო გამოშვება „მომისმინე შეჩემას“ დაწყებას რომელიც ერთადერთ ჭეშმარიტად სამართლიან და ობიექტურ ჭრილში….ქართულ ჭრილში, აშუქებს მთელი მსოფლიოს კულტურულ,პოლიტიკურ და სპორტულ ამბებს….უმბერტომ წიგნი დახურა და თაროზე ნობელის ლაურეატ ერეკლე დეისაძის რომან „ პრემია დაიდოს ბიჭო !!!! “ – ს გვერდით მიუჩინა ადგილი. ტახტზე მოკალათდა და „მომისმინე შეჩემას“ საუნდტრეკის ტკბილ ჰანგებს მიუგდო ყური….
წამყვანები საინფორმაცო გამოშვებას პოლიტიკური მიმოხილვით იწყებენ:
დღეს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში კვლავ დაარბიეს საპროტესტო აქცია, რომელიც მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული, ხელისუფლებამ დარბევა იმ ფაქტით ახსნა, რომ მტერი მოსკოვის დატოვების მიუხედავად, სულ რაღაც 40 კილომეტრშია და ის არ დაუშვებს არეულობას.
აშშ – ს პრეზიდენტ ბარაქ ობამას რეიტინგმა 8 პროცენტით მოიმატა მას შემდეგ, რაც იგი ავლაბარში პირადად შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც განაცხადა რომ საქართველო მხარს უჭერს აშშ – ს სუვერენტიტესა და ტერიტორიულ მთლიანობას: „შარცენეგერის კალიფორნიისა და პეილინის ალიასკის დამოუკიდებლობას არასოდეს ვაღიარებთ“ – ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.
საქართველოს დაჟინებული მოთხოვნის შედეგად მოლდოვა ოფიციალურად შეუერთდა რუმინეთს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამის საფუძველი ის იყო, რომ ამ ქვეყნის არსებობა მინისტრს უბრალოდ ნერვებს უშლიდა.
შვეიცარიაში არეულობაა: თურქი – მესხების ჩასახლებით უკმაყოფილო მოსახლეობამ ჟენევის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა.
საქართველოს მეცხრე ფლოტმა ბოსფორი და დარდანელი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა. როგორც ირკვევა, მიზეზი ფლოტის სარდლის მიერ მარმარილოს ზღვაში შეუფერხებლად თევზაობის სურვილია.
სევანის ტბის ამოშრობა წარმატებით მიმდინარეობს როგორც გარემოს დაცვის სამინისტრო აცხადებს : „გვაცალეთ ცოტა ხანი და კიდევ დავაშრობთ რაღაცეებს. დაშრობა ლაპარაკის ნაცვლად ! „
ეკონომიკა:
მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი ბრენდების ათეულს კვლავაც ხინკალი ლიდერობს, რომელიც საგრძნობლად უსწრებს მეორე და მესამე ადგილზე გასულ ოპელ ვექტრასა და ჟურნალ „თბილისელებს“
ისლანდია და ნორვეგია სურვილს გამოთქვამენ საქართველოსთან ერთიანი სავალუტო სივრცის შექმნის შესახებ, მათ მოთხოვნას პარლამენტი ექსპერტთა ჯგუფის მიერ წარდგენილი დასკვნის შემდეგ განიხილავს. როგორც ვარაუდობენ საქართველოს „მურთხ არიელთა კავშირი“,რომელსაც საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა ყავს პარლამენტში ქერა ცისფერ-თვალება სამხრეთელებთან (ჩრდილოეთმა და სამხრეთმა მას შემდეგ გაცვალეს ერთმანეთში ადგილები რაც საქართველოს პრეზიდენტმა შეცდომით პინგვინების საცხოვრებელ არეალად ჩრდილოეთ პოლუსი მოიხსენია. მორალი : საქართველოს პრეზიდენტი არასდროს ცდება !) მსგავსი ხელშეკრულების დადების წინააღმდეგია.
საქართველოსა და ბულგარეთს შორის ხიდის მშენებლობა დამთავრებულია, ამიერიდან ბათუმელებს პირდაპირ შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს ბულგარულ პროვინციებს. შეგახსენებთ, ეს პროვინციები საქართველოს მაშინ გადაეცა, როდესაც პრეზიდენტის შვილმა სურვილი გამოთქვა შავი ზღვა საქართველოს ყველაზე დიდი ტბა ყოფილიყო.
რელიგია:
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის 50 წლის აღსანიშნავად, საქართველოს საპატრიარქოს კონსტანტინოპოლში გადაბარგების პროცესი დასრულდა. აია – სოფიაში ჩატარებულ წირვას საქართველოს პრეზიდენტი და სხვა მაღალჩინოსანი პირები დაესწრნენ.
ვატიკანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სულიწმიდა ძისგან აღარ გამოდის და ბოდიშს იხდიან ასწლეულების მანძილზე ხალხის შეცდომაში შეყვანისთვის.
პაკისტანის მთავრობამ ოფიციალური თხოვნით მიმართა საქართველოს საპატრიარქოს, რომ ყოველი ახალი აშენებული ეკლესიის წინ სავალდებულო „ნებაყოფლობითი შესაწირავისთვის“ განკუთვნილი ყუთები აღარ დადგან,რადგან ქართველთა რისხვით შეშინებული პაკისტანელები გადაჭარბებით ასრულებენ ამ თხოვნას და მთელს ხელფასთან ერთად, ყუთებში თხების ჩატენვასაც ცდილობენ რამაც ქვეყანაში თხების პოპულაციის შემცირება გამოიწვია.
დალაი – ლამა მამა დავით ისაკაძესთან გავლილი კონსულტაციების შემდეგ წუღრუღაშენის მონასტერში ბერად აღიკვეცა და ბუდისტური ტანსაცმელი საჯაროდ დაწვა.
სამხედრო სფერო:
საქართველოს პრეზიდენტმა მარსთან ომის ვეტერანებს ფულადი ჯილდოები გადასცა. ვეტერანების რეიტინგში ჯონი ღობეგლეჯიაშვილი ლიდერობს რომელმაც ბონუსები,მარსიანელების „Headshot” -ებით ხოცვით, დააგროვა. როგორც საამაყო ქართველმა განაცხადა ბავშვობაში “counter strike: zero” – ს თამაშისას იგი ყოველთვის „მენტებს“ ირჩევდა.
მორიგი ატომური ბომბის გამოცდამ ერევანში წარმატებით ჩაიარა
ქართველი კოსმონავტები უარს აცხადებენ მთვარიდან და მარსიდან წარწერა “Fuck Russia” – წაშლაზე. მათი თქმით, მსგავსი წარწერების გაკეთება იუპიტერზე და სატურნზეც იგეგმება.
ქართველი და ებრაელი მესაზღვრეების ერთობლივმა ჯგუფმა საქართველო – ისრაელის საზღვარზე მდინარე ევფრატთან ახალი უნივერსალური მფრინავი და მცურავი ტანკი სახელწოდებით „26 საუკუნე“ დატესტა.
საქართველოს ინდოეთის ოკეანის ფლოტის სახაზო გემის „ზაქარია მხარგრძელის“ ეკიპაჟს უმაღლესი სამხედრო ჯილდოები მიენიჭათ სომალელი პირატების დამარცხებისთვის. შეგახსენებთ ქართველმა მეზღვაურებმა სომალის ნახევარკუნძული მთლიანად მოხერხეს და ანტარქტიდამდე ჩააცურეს. პირატები კი ქართველ სამხედროებთან შეხვედრის შემდეგ კვლავაც რეაბილიტაციის კურსს გადიან, ისინი ცდილობენ გადაეჩვიონ თეთრი ადამიანის დანახვისას მუხლებზე დაცემის მავნე ჩვევას, როგორც მათი წარმომადგენელი აცხადებს „ლომკა“ აქვთ და რა ქნან.
ამ ნიუსის გავრცელების შემდეგ იტალიაში სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. რადგან წინასწარი ინფორმაციით ქართველმა დიზაინერებმა ოდესღაც დუბაიში შექმნილი ხელოვნური კუნძულებისთვის კონკურენციის გაწევა განიზრახეს. მათ მიერ შექმნილ კუნძულოვან ფიგურას კი სწორედ ჩექმა აკლია. ხერხვის მოყვარული ქართველებისგან კი ყველაფერია მოსალოდნელი.
კულტურა:
მსოფლიოს ყველაზე პოპულარულმა გამოცემა „თბილისელებმა“ მსოფლიოს ყველაზე სექსუალური მამაკაცების 87-ეული დაასახელა სადაც როგორც მოსალოდნელი იყო მხოლოდ ქართველები მოხვდნენ. რეიტინგს სათავეში მოექცა მამუკა ონაშვილი რომელმაც იან ფლემინგის ცნობილი პერსონაჟი ჯეიმს ბონდი განასახიერა. შეგახსენებთ რომ ფილმის სიუჟეტის მიხედვით ჯეიმსი საქართველოში საიდუმლო დავალებით ჩამოდის რომლის შესრულების პროცესშიც აღმოაჩენს რომ ის მეგრელია და მისი სახელი არა ჯეიმს ბონდი არამედ ბონდო ჯოტოს ძე ქარდავაა.
იაპონელები კუნძულ ხოკაიდოს ქართული ოკუპაციიის წინააღმდეგ გამოდიან და აცხადებენ : „ის რომ იაპონელმა მულტიპლიკატორებმა „გრენდაიზერის“ ახალი სერიების შექმნაზე უარი განაცხადეს ქართველებს სულაც არ აძლევთ უფლებას ქვეყნის მიწა წაგვართვან ისედაც ცოტა გვაქვს მაგის დედაც ჯეკ“ . ამაზე გაეროში საქართველოს წარმომადგენელმა ლელა კაკულიამ განაცხადა: „ ჩვენ სავსებით ნათელი მესიჯი გავუგზავნეთ მათ როცა ვუთხარით: ან გადაიღებთ ან დედას მ…….თ. მათ ეტყობა თავიანთი დედები არ უყვართ“
საღოლაშენში გამართულ მოდების კვირეულზე გამოსული ჟიზელ ბიუნდჰენმა განაცხადა რომ მისი ოცნება ახდა როგორც იქნა ის ყველაზე პრესტიჟულ დეფილეზე მოხვდა. მანვე გაგვაცნო მისი ახალი ქართველი საქმრო ვინმე გოჩა რომელმაც ბიკინიში გამოწყობილ ჟიზელს უკანალზე ისეთი უჩქმიტა შემდეგ კი პანღური უთავაზა რომ ჟიზელმა ჩვენებაში მონაწილეობის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. სანდო წყაროებმა ჟიზელის სიტყვები გაავრცელეს : „კაცია და უნდა მოუვუთმინო. მირტყამს ესეიგი ვუყვარვარ“
ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ მტკიცებით, პრინცი ვილიამი კორონაციაზე ჩოხით მივა და ბლანჟესაც გაიპარსავს. რა ქალი ხო არაა ბლიად ?
ამერიკულმა კინოაკადემიამ 9 ოსკარი მიანიჭა ფილმ „კუჩხი ბედინერს“ და ბოდიში მოიხადა დაგვიანებისთვის.
გრანდიოზული აქცია იმართება პარიზში ვანო მერაბიშვილის ძეგლთან. დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამენ პარიზის მერად ქართველი კანონიერი ქურდის „ეიფელას“ არჩევის გამო, რომელიც სკოლებში ქართული კრიმინალური სლენგის სწავლების დანერგვას აპირებს.
სპორტი:
ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად, ქართველი თედო ზიბზიბაძე დაინიშნა მიუხედავად ამ ორი ქვეყნის სარაგბო წრეების ასე დაახლოებისა ქართველები ე.წ. „ერთი ერის“ – ტურნირში სხვა ქვეყნების მიღებაზე უარს აცხადებენ და მხოლოდ საკუთარ თავთან თამაშს აგრძელებენ.
დღეს ზაზა ფაჩულიას სურათი პომპეზურად შეიტანეს „დიდების დარბაზში“. ცერემონიას თავად ამერიკის პრეზიდენტი ესწრებოდა რომელსაც მოახლებულ არჩევნებში საოცრად ჭირდება ზაზას მხარდამჭერთა ხმები….
ის იყო უბერებელი უდუმაშვილისა და რივკინის კლონის დუეტი პირდაპირი ეთერის დასრულებას აპირებდა რომ ელექტროენერგია გაითიშა….შეშინებული უმბერტო ფანჯარას მივარდა….სახლში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა…..რა ხდება ?….ვარსკვლავებით გადაჭედილ ცაზე რაღაც მოძრაობს…. მფრინავი თეფში !!!!! აი მეორეც, მესამეც, მეოთხეც…..პატარა უმბერტოს ტვინი ოთხბირთვიანი პროცესორივით ამუშავდა და მიმდინარე მოვლენებისადმი ლოგიკური ახსნის მოძებნას ცდილობდა….მარსი გვიტევს ? ისევ ? არა, არა. კარგად ახსოვდა რომ ქართველებმა დოქტრინა : „დავიბრუნოთ ისტორიული მიწები : შემდეგი გაჩერება მარსი“ სისრულეში მოიყვანეს და მარსის ბოლო მოქალაქეს სულ რაღაც 4 წლის წინ საჯაროდ გამოუყვანეს წირვა…..მაშინ რა ხდება ??? უცებ უმბერტოს მეხსიერებაში წამოტივტივდა მამამისის კაბინეტში ჩუმად ნანახი საიდუმლო დოკუმენტები…. ადელმო ელ მოლინერო ჩილეს უშიშროების სააგენტოში მუშაობს სერიოზულ თანამდებობაზე და როგორც მას მისი ერთ ერთი რეზიდენტი ატყობინებდა : „ ქართველებმა მარსიანელებთან მოგებული ომიდან დიადი განძი და ნაალაფარი წამოიღეს….კერძოდ კი მფრინავი თეფშები (რომელთა გამოყენებაც საწყალმა უცხოპლანეტელბმა ვერ მოასწრეს რადგან ქართველი გენეტიკოსების მიერ შექმნილი გიორგი სააკაძის კლონის ხელმძღვანელობით ქართული არმია მოულოდნელად დაესხათ თავს და აოტნა ისინი შემდეგ ვენერამდე სდია და ცოცხალი არავინ დატოვა) იყო ვარაუდები რომ ქართველები ამ იარაღს მსოფლიოზე ბატონობის განსამტკიცებლად გამოიყენებდბენ…. და აი ახლა ახდა ჩილელი ჯაშუშის შიში….. ქართული მფრინავი თეფშები დამოუკიდებელი ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოს თავს დასტრიალებენ და…. არავინც იცის როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი…. დამთავრდება კი ოდესმე ??? ქართველთა მადას ხომ საზღვარი არ აქვს განსაკუთრებით მაშინ თუ ისინი 50 მილიონი არიან. უმბერტო შეცბუნებული უყურებს ჩაბნელებულ ქალაქს. თავში კი სრულიად გიჟური ფიქრები უტრიალებს….რა მოხდებოდა ქართველები მხოლოდ 5 მილიონი რომ ყოფილიყვნენ ?????…….
ესეც ილიას ბედნიერი ერის თანამედროვე, პოტენციურად “განვითარებული” ვარიაცია.
ალბათ, თავი ვერ შეიკავეთ სიცილისაგან და გვარიანადაც იხალისეთ. სულ ტყუილად, ბატონებო და ქალბატონებო, რადგან სასაცილო საქართველოს დღევანდელ ყოფაში ძალიან ცოტაა, დამაფიქრებელი კი შეუდარებლად უფრო ბევრი. არა მგონია, ჩვენში გავრცელებადი მუცელღმერთობისადმი და მატერიალურ კეთილდღეობას დაქვემდებარებულმა არსებობამ მთლად ასეთი მაშტაბები მიიღოს, რაც ზემოთმოცემულ ფელეტონშია (უბრალოდ, დღევანდელის კვალობაზე მაგდენს ვერ მივაღწევთ), მაგრამ ის, რომ საქართველოში დღითი დღე ფსევდორეალობა მატულობს, ფაქტია.
ქართველი ერის თავს დატეხილი განსაცდელი, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჩანდეს, არა მგონია იყოს ღვთის რისხვა. იგი ყოვლადძლიერის უსაზღვრო მოწყალების, მოთმინებასავსე მოლოდინისა და სიყვარულის კიდევ ერთ გამოხატულებად მიმაჩნია, რათა გამოვიცადოთ, გამოვიწვრთნათ. საკითხავი კი ისაა, თუ როდის მივხვდებით ამას, რომ გონს მოვეგოთ და დავუბრუნდეთ ყოვლადძლიერის მზიურ წიაღს. მხოლოდ ამგვარად ვწამებთ თაურ ნათელს მთელი კაცობრიობის წინაშე და ოდენ ასე თუ განვახორციელებთ ადამიანის ჭეშმარიტი, ღვთიური ცხოვრების საყოველთაო მაგალითს. სწორედ, ამაში მდგომარეობს საქართველოს სულიერი მისია როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური, სოციალური და კულტურული გაგებით.
სად ბედნიერი ერი და სად საქართველოს სულიერი მისია?..
“ნუვინ გარევთ ერთმანეთსა! გესმას ჩემი ნაუბარი!”, – როგორც ბრძენი შოთა იტყოდა.
ზნეობა და გლამური, ანუ ადამიანობა და პოსტმოდერნული წარმართობა
მაკინტოშის კომპიუტერს მიტომ კი არ უნდა ვყიდულობდეთ, რომ მოგვწონს, კეთილად შედგენილი ნივთია და Apple-ს ვჭირდებით, არამედ იმიტომ და მაშინ, რადგანაც და როდესაც გვიდგება ამის საჭიროება. მართებული იქნება მზგავსი მენტალიტეტის დამოკიდებულება გაგვაჩნდეს ეკონომიკური ურთიერთობებისადმი, რათა მომხმარებლებად (“იყენებ-გიყენებ” საფუძველზე დამყარებული სისტემა) კი არ ვიქცეთ, არამედ ადამიანებად დავრჩეთ. საპირისპირო შემთხვევაში, ზნეობისა და კაცობის მაგივრად სიმულაკრული რაობის გლამურს მივიღებთ, ხოლო შინაგანი სამყაროს, სულიერების გამდიდრების მაგივრად გარეგნული, ზედაპირული ცხოვრების გაფეტიშებით წარმოქმნილი პოსტმოდერნულ წარმართობას. ამას კი კაცობრიობის საბოლოო განადგურების გარდა სხვა არაფერი მოაქვს შედეგად.
ეროვნული ყოფიერების წარსული, აწმყო და მომავალი

ეროვნულ ცნობიერებაში წარსული მიუწვდომელი კი არა, შეგნებულად გააზრებული უნდა იყოს.
მითოსი (ზუსტად ის, რის გამოც გრიგოლ რობაქიძე ქართულ მიწასა და ცნობიერებას დასავლეთის სულიერებადაწრეტილ რეალობასთან შედარებით ჯერ კიდევ ცოცხალს უწოდებს) შემრწყმელი ხიდია ნამყოს, აწმყოსა და მომავალს შორის. იგი მათ ერთ მთლიანობად გარდაქმნის, ცოცხალსა და ახლობელს ხდის გუშინდელ დღეს, რითაც ერს მარადიული ცხოვრების შესაძლებლობას ანიჭებს, თუკი მითოსის ფორმით გადმოცემული ეროვნული საწყისები კრიტიკულადაც, ფილოსოფიურადაც და მეცნიერეულადაც იქნა გათავისებული და არა ბრმად მიღებული. მოკლედ, ყველაფერი საჭიროა მოზომილად და თავის ადგილზე. თუკი რომელიმეს ნაკლოვანებაა, ეს ეროვნული ყოფიერების სიმდიდრის კი არა, უბედურების საწყისი ხდება დროთა განმავლობაში.
ბოროტების იმპერიის რაობა
ბოროტების იმპერია ყოველთვის წარმოადგენს ძალოვან ტოტალიტარულ სახელმწიფოს. აგრეთვე, ის ამა თუ იმ ხალხთა ნაძალადევი შენაერთია. იმპერიის მეთაურნი მუდამ ცდილობენ მასში შემავალი ხალხების სულიერ დაბნელებას, რადგანაც ამგვარი სენით დაავადებული პიროვნებების დამორჩილება გაცილებით უფრო ადვილია.
იმპერია იმართება სატანური ძალების მეშვეობით და მუდამ მტაცებლური ხასიათს ატარებს. დაცემისას იგი ცდილობს ხალხისათვის “სასიკეთო” ღონისძიებებისა და რეფორმების გატარებას, მაგრამ ყოველივე ეს ემსახურება იმპერიის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას. სავალალოა მხოლოდ ის, რომ ამ დროს იმპერიას სჭირდება სხვა და სხვა ეროვნებათა გაერთიანება ერთ ხალხად ე.ი. იმპერიის მთავარ მოსახლეობად, მაგრამ ჯერ არ არსებულა ისეთი დემონური სახელმწიფო, რომ იგი არ გაენადგურებინოს ცოდნის, თავისუფლებისა და სიმართლისადმი მისწრაფებას. სწორედ, ეს სამი დიდი და ჭეშმარიტად მარადიული ძალა იყო, არის და იქნება თიხისფეხა გოლიათების დამშლელი.
1998 წელი
ზაფხულის ერთი დღე რონდინეში
გუდაუთელი აფსუები განსაკუთრებით ცნობილები არიან თავიანთი რადიკალური დამოკიდებულებით ქართველების მიმართ.
ზაფხულის ცხელი დღე იყო.
სადილის შემდეგ რონდინეში იტალიური ენის კურსებზე მსწავლელი სხვა და სხვა ეროვნების მართლმადიდებელმა სასულიერო პირმა, თუ საერომ ერთმანეთში საუბარი გამართა საღვთისმეტყველო და სამეცნიერო საკითხებზე. ვუსმენდი. სიტყვა საქართველოზე ჩამოვარდა და გეორგიევსკის ტრაქტატის პერიოდს შეეხებოდა. რუსი სემინარიელები, თუ სასულიერო პირები ბრეჟნევის ხანის ბოლშევიკური იმპერიის იდეოლოგიის “რუხი კარდინალის”-მიხეილ სუსლოვის დროს შემუშავებული თეზის მიხედვით ამტკიცებდნენ, თითქოს საქართველო რუსეთს ნებაყოფლობით შეუერთდა და რომ არა დღენიადაგ მზარდი ჩრდილოელი მეზობელი, ჩვენი ქვეყნის ხსენებაც არ იქნებოდა მაშინდელ ახლო აღმოსავლეთის ისედაც კრიზისში მყოფი იმპერიების, ირანისა და ოსმალეთის გამო. ადრე მიმუშავია ამ თემაზე და ჩავერთე საუბარში, სადაც უკუვაგდე მოსაუბრეთა ანტითეზები. შემდეგ კი, გამოცდისთვის მეცადინეობის გასაგრძელებლად მოვემზადე. იქვე აფსუა ახლობელი, დიმიტრი იდგა, აკვირდებოდა საუბარს და არგუმენტთან დაკავშირებით უადგილო კითხვით მომმართა: თუ ასე ძალიან არ გიყვართ რუსეთი, მაშინ რატომ ხართ ამდენი ქართველი იქ? წამოდით საქართველოში და იყავით თქვენს ქვეყანაშიო.
საუბრის გაგრძელების დრო არ მქონდა, მოკლედ ვუპასუხე და შევუდექი საქმეს. ვმეცადინეობდი. ორი საათიც არ იყო გასული. ვხედავ, მოდის ჩემსკენ დიმიტრი. შემოვიდა ოთახში, დაჯდა პირისპირ მაგიდასთან და მეუბნება რუსულად: კოკა, დაუფიქრებლად გითხარი ამასწინათ. ფიცხად თქმისაგან არ გამხსენებია, რომ თქვენი მშობლები რუსეთში გაჭირვების გამო არიან, რათა თავიანთი ოჯახები არჩინონ. მეც გამომიცდია, თუ რას ნიშნავს დევნილობა, რადგან ომის დასაწყისში ოჯახთან და ნათესავებთან ერთად ჩვენც იძულებულები ვიყავით გავქცეულიყავით. მართალია, ნაკლები ხნით, ვიდრე თქვენ, მაგრამ არ დამავიწყდება ის დღეებიო.
პატიება მთხოვა, გულში ჩავიხუტე და გავიდა.





